საქართველოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოში იმყოფებოდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწის, სოფიო ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია ევროპის საბჭოში ვიზიტით იმყოფებოდა.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი ნატალია ჯალიაშვილი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სანიკიძე და საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნათია მეზვრიშვილი.
სტრასბურგში ვიზიტის მიზანს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის მიმოხილვა წარმოადგენდა. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ვენეციის კომისიის მდივან ტომას მარეკთან, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკის და თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროს მიხაილ ლობოვთან, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისართან ნილს მუჟნიეკთან, ადამიანის უფლებათა დაცვის დირექტორატის დირექტორთან ხრისტოს გიაკომოპულოსთან, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის განყოფილების უფროსთან, ბრიჯეტ ო’ლოუგლინთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.
შეხვედრებზე ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების დინამიკა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა, მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, საქართველოს მთავარი პროკურატურის რეფორმირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
მხარეებმა ასევე, ბავშვთა უფლებების დაცვის და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიზნით, სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები განიხილეს.

ხაზი გაესვა არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღების მნიშვნელობას და მის იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.
შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებზე და ურთიერთთანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე. დელეგაციის წევრებმა და ევროპის საბჭოს წარმომადგენელებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის. ევროპის საბჭოს სხვადასხვა სტრუქტურუელი ერთეულის წარმომადგენლებმა ასევე ხაზი გაუსვეს უკანაკნელი წლების განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობასა და წარმატებულობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები