“ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ ოფისში თბილისის მერიამ საბავშვო ბაღი გახსნა

ჩუღურეთის რაიონში, კიევის ქუჩაზე წლების წინ დახურულ 132-ე საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა. 132-ე ბაღში 130-მდე აღსაზრდელისთვის სამი ჯგუფი გაიხსნა.
ბაღში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარემონტო სამუშაოები ჩატარდა და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა. სარემონტო სამუშაოებზე 120 000 ლარი დაიხარჯა.
წლების მანძილზე აღნიშნულ შენობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ოფისი იყო განთავსებული. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ შენობა სამართლებრივი გზით დაიბრუნა. სულ, გასულ წლებში, თბილისში, სხვადასხვა მიზეზით, 50-მდე ბაგა-ბაღი დაიხურა.
,,როცა ქალაქის ხელისუფლებაში მოვედით, ვნახეთ, რომ ეს ბაღი იყო ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ოფისი და არ ფუნქციონირებდა, როგორც საბავშვო ბაღი. სწრაფად მივიღეთ გადაწყვეტილება, დავიბრუნეთ ბაღი, გავარემონტეთ და დღეიდან აქ სწავლა დაიწყო. ეს საბავშვო ბაღი ერთ-ერთია იმ 50-დან, რომელთა აღდგენაზეც ვმუშაობთ. ასევე, ვაშენებთ ახალ ბაღებს და თუ წელს 7 ბაღი გვქონდა გათვალისწინებული, მომდევნო წლისთვის 10 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. ქალაქის მასშტაბით 100-მდე ბაღში ჩავატარეთ სარემონტო სამუშაოები, გავაუმჯობესეთ პირობები და დამატებითი ჯგუფები გავხსენით. თბილისის მერია აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენს პატარებს უკეთესი პირობები ჰქონდეთ’’, – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი თემურ თორდინავა, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე და ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე.
უახლოეს დღეებში, ისნის რაიონში მდებარე 109-ე საბავშვო ბაღის დახურული ფლიგელის გახსნა იგეგმება, რომელიც 300-მდე აღსაზრდელს მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები