„თუ კავკასიელებს უნდათ, იყვნენ თავისუფლები, უნდა იზრუნონ, რომ საქართველოს საერთაშორისო სტრუქტურებში ინტეგრაცია მოხდეს“

„კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი, აჭარელი ხვიჩა გობაძის მიერ საქართველოს მოსახლეობის მიმართ გავრცელებულ ვიდეომიმართვას გამოეხმაურა. კასრელიშვილის განცხადებით, ეს და სხვა მისი მსგავსი ახალგაზრდები არიან ადამიანები, რომელთაც იერარქიულად თავიანთ დაჯგუფებებში მაღალ ეშელონებს ვერ მიაღწიეს, ვერც ბრძოლებში გამოიჩინეს თავი და  დღეს ამ ფორმით ცდილობენ, თავიანთი მეთაურების ყურადღება მიიპყრონ.
ზაალ კასრელიშვილის განცხადებით, თუ კავკასიელ ხალხებს სიმშვიდე და თავისუფლება სურთ, მათ როგორც კავკასიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ უნდა იზრუნონ საქართველოს დამოუკიდებლობაზე, იმაზე, რომ საქართველომ შეინარჩუნოს თავისუფლება და საქართველოს საერთაშორისო სტრუქტურებში ინტეგრაცია მოხდეს.
„მესამე შემთხვევაა, როცა რადიკალი მუსულმანები განცხადებას ავრცელებენ, აქედან 2 -ს სათანადო პასუხი გავეცით. ჩვენ საქმე გვაქვს ჯგუფურ განცხადებასთან. ხალიფატში არის მკაცრი იერარქია. ამ განცხადების გაკეთება ახალგაზრდების დონეზე არ გადაწყვეტილა, თუმცა ინიციატივა მათგან წამოვიდოდა. მათ ალბათ ომში ვერ გამოიჩინეს თავი, არ არიან საშუალო რგოლის მეთაურებიც კი, ამიტომ ეს ახალგაზრდები ცდილობენ, ხელმძღვანელობას თავი მოაწონონ ძალიან ცუდი ფორმით. არცერთი სერიოზული საველე მეთაური არ გაიფიქრებს, რომ საქართველოზე დღეს ხელი ასწიოს.
მათ ვერ გამოიჩინეს თავი ბრძოლებში სიმამაცით. ისინი ცდილობენ, საკუთარ ხალხს ზიანი მიაყენონ. მათი განცხადება, გარკვეულწილად ვალდებულებაც არის, ამით მათ ვალდებულება აიღეს ხელმძღვანელების წინაშე, რომ ამას შეასრულებენ. ჩვენ ვთვლით, თუ კავკასიელებს უნდათ, რომ იყვნენ თავისუფლები, კეთილი უნდა ინებონ, როგორც კავკასიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ და იზრუნონ საქართველოს დამოუკიდებლობაზე, იმაზე, რომ საქართველომ შეინარჩუნოს თავისუფლება, მოხდეს საქართველოს ინტეგრაცია საერთაშორისო სტრუქტურებში. ეს არის შანსი ყველა კავკასიელისთვის. კავკასიელი, რომელიც ამას არ ეთანხმება, საქართველოს მტერია. ზოგი ჩვენი ჩრდილოელი, ზოგი კი სამხრეთელი მეზობლის სპეცსამსახურის აგენტი შეიძლება იყოს“,- განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები