პუტინი – რუსულ სამხედრო თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტი ზურგში დანის ჩაცემაა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „სუ-24“-თან დაკავშირებულ ინციდენტს ზურგში დანის ჩაცემა უწოდა.
„ეს მოვლენა ტერორიზმთან ბრძოლის ჩარჩოებს სცდება. ჩვენი სამხედროები ტერორიზმს გმირულად ებრძვიან და ეს ზოგჯერ მათი სიცოცხლის ფასად ხდება. დღევანდელი ინციდენტი კი შეიძლება შეფასდეს დარტყმად, რომელიც ჩვენ ტერორისტების თანამზრახველებმა ზურგში ჩაგვცეს, სხვანაირ კვალიფიკაციას მე მომხდარს ვერ მივცემ“, – აცხადებს პუტინი. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ აშშ-სთან ხელმოწერილი იყო შეთანხმება ჰაერში ინციდენტების პრევენციისთვის, ეს მაინც მოხდა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთ-სირიის საზღვარზე რუსული სუ-24 დღეს ჩამოაგდეს. ის თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს მას შემდეგ, რაც ბომბდამშენმა თურქეთის საზღვარი დაარღვია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ თვითმფრინავს თურქეთის საზღვარი არ გადაუკვეთავს.