დავით ბორჩაშვილის აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო პროცესი ღუდუშაურის კლინიკაში მიმდინარეობს
ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის დაკავებული დავით ბორჩაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობა ღუდუშაურის კლინიკაში მიმდინარეობს.
როგორც ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, მათ არ გადასცემიათ ბრალის დადგენილება და საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებებია.
“ბრალის დადგენილება არ გადმოგვცემია, მიუხედავად იმისა, რომ მას გრიფი არ ადევს. ბრალის დადგენილებაში წერია, რომ ბრალის წაყენების საფუძველი არის ის ვიდეოები, რომელიც გავრცელდა, ასევე ექსპერტების და პოლიციელების ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ გავრცელებულ კადრებში ნამდვილად დავით ბორჩაშვილია, რასაც არც ჩვენ უარვყოფთ”, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.
29 წლის დავით ბორჩაშვილი ორი დღის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დააკავეს. მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დავით ბორჩაშვილს 10-დან 18 წლამდე პატიმრობა ემუქრება.