„ქერჩი – დაკარგული გმირები“ სეზონის პრემიერისთვის ემზადება
„ტიფლისის“ შემდეგ, და “ტიფლისის” შემქმნელებისგან… ერთწლიანი მოლოდინი დასრულდა! „ქერჩი -დაკარგული გმირები“ სეზონის პრემიერისთვის ემზადება! სერიალის პირველი ორი ეპიზოდის პრემიერა 26 ნოემბერს Cavea IMAX-ში შედგება. 27 ნოემბრიდან კი მისი ნახვის შესაძლებლობა მაყურებელს საქართველოს ყველა კინოთეატრში ექნება, დღეში მხოლოდ 1 სეანსის.
უახლოესი მეგობრის დაღუპვის ცნობა ბოლო წვეთია რიგითი ირაკლი დაბრუნდაშვილისთვის. ის სოფელს ტოვებს და ფრონტის ხაზზე მიდის. ირაკლი ახალგაზრდა ბიჭია, ის თითქმის დაცლილ სოფელში ცხოვრობს, ყველა ომშია წასული. მას შეყვარებულიც ჰყავს, რომლის ძმასთანაც მეგობრობს და რომელიც ასევე ფრონტის ხაზზე იბრძვის. უეცრად სოფელში მისი დაღუპვის ცნობა ჩამოდის, რაც გახდება კიდეც ირაკლის ომში წასვლის მიზეზი.
ეს ერთ-ერთი ეპიზოდთაგანია, რომელსაც ქართველი მაყურებელი GDS-ის ახალ სატელევიზიო დრამაში – „ქერჩი, დაკარგული გმირები“ იხილავს. ფილმის სიუჟეტი რეალურ ამბავზეა დაფუძნებული. ირაკლი დაბრუნდაშვილი მართლა არსებობდა და იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში. რიგითი დაბრუნდაშვილის როლს მსახიობი გიორგი მახარაძე განასახიერებს.
ფილმის რეჟისორის, ლევან დაბრუნდაშვილის განცხადებით, საზღვარგარეთიდან გამოჩნდა ხალხი და შესაძლოა, სერიალის მეორე სეზონის გადაღებაზეც იფიქრონ. ამ პროექტისთვის ტელეკომპანია GDS-მა რამდენიმე უბანი, მიწა იქირავა და ჰოლივუდური სტანდარტების დაცვით გადასაღები მოედანი, ქალაქი ააშენა.