სასამართლომ ე.წ. ხასანას სასტუმროს მფლობელს პატიმრობა შეუფარდა

ქობულეთში, ე.წ. ხასანას სასტუმროში ხანძრის გამო დაკავებულს აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბრალდების მხარე, დაკავებულის ზაზა ართმელიძის პატიმრობას მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხის გამო ითხოვდა.
კერძოდ, როგორც პროკურორმა რომეო ტყაბლაძემ აღნიშნა, დაკითხული მოწმეები, რომლებსაც ამომწურავი ინფორმაცია უკვე ჰქონდათ გამოძიებისთვის მიცემული, ითხოვდნენ დამატებით ჩვენებების მიცემას იმის გამო, რომ ზაზა ართმელაძე მათზე ზემოქმედებას ახდენდა და ჩვენებების მის სასარგებლოდ მიცემისკენ მიუთითებდა.
პროკურორ რომეო ტყაბლაძის განცხადებით, ზაზა ართმელაძე მტკიცებულებების მოპოვებას უშლიდა ხელს.
მისივე თქმით, ზაზა ართმელიძე ექსპერტიზას უარს ეუბნებოდა დამწვარი სასტუმროს ტერიტორიის დათვალიერებაზე.
პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ ზაზა ართმელაძის მიმალვის საფრთხეც არსებობდა. ბრალდებულის ადვოკატმა პაატა შავაძემ სასამართლოს 50 ათას ლარიანი გირაოს და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ზაზა ართმელაძის პასპორტის გამოძიებისთვის ჩაბარების შუამდგომლობით მიმართა.
სასამართლო პროცესზე პაატა შავაძემ განმარტა, რომ ზაზა ართმელაძე დოკუმენტების მიხედვით არ არის სასტუმროს მეპატრონე და მისი პასუხისმგებლობაში მიცემა მართებული არ არის.
შუამდგომლობების მოსმენის შემდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ზაზა ართმელაძეს აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მომდევნო სხდომა 2016 წლის 8 იანვარს, 13:00 საათზე გაიმართება. მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფი ზაზა ართმელაძის ნათესავების უკმაყოფილება მოჰყვა. დაცვის მხარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ცნობისათვის, ბრალდებულ ზაზა ართმელაძეს გამოძიება სახანძრო და სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება, რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ე.წ. “ხასანას” სასტუმროში 10 მაისს გაჩენილ ხანძარს რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლის “სიხარული 2”-ის სამი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები