„საქართველოში ერის დაბერების დინამიკამ შობადობას გადააჭარბა“
„საქართველოში დღეს დემოგრაფიული ზამთარი დგას, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ერის დაბერება ჩქარი ტემპით მიმდინარეობს“,- აღნიშნული განცხადება დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარემ თამარ ჩიბურდანიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, ფონდის მიერ ერის დაბერების დინამიკასთან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით გააკეთა.
გასულ წელს, წინა წლებთან შედარებით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში 75 წლით განისაზღვრა. დემოგრაფიული დაბერების მაჩვენებელმა 19%-ზე მეტით აიწია. დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარის განმარტებით, საქართველოში დემოგრაფიული დაბერების დინამიკა ჩქარი ტემპით მიედინება.
„ერის დაბერება არ არის განაჩენი ქვეყნისთვის, როდესაც ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იზრდება, ეს კარგი პროცესია, მაგრამ ერის დაბერების დინამიკას აუცილებლად უნდა მოჰყვეს შობადობის ზრდა. სხვა შემთხვევაში ეს ქვეყნისთვის უარყოფით შედეგს გამოიღებს. შობადობამ იმატა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ მცირედია, რადგან დაბერების დინამიკასა და შობადობას შორის თანაფარდობა არ არის. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მამაკაცებში დაახლოებით 70, ხოლო ქალებში 79 წელია. 9-წლიანი სხვაობა ძალიან დიდია. დაბერების ორი სახე არსებობს: ქვემოდან დაბერება და ზემოდან დაბერება. ქვემოდან დაბერება შობადობის შემცირებას ნიშნავს, ხოლო ზემოდან დაბერება ნიშნავს, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის ხანდაზმული წილი იზრდება. საქართველოში ეს ორივე მიმართულებით მიედინება“, – განაცხადა ჩიბურდანიძემ.
ჩიბურდანიძის განმარტებით, ერის დაბერების პროცესი ბევრ ქვეყანაში, მათ შორის დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში მიმდინარეობს. თუმცა, ჩიბურდანიძის განცხადებით, ამის გამო სახელმწიფოები სხვადასხვა მიმართულებით ახალ სტრატეგიაზე მუშაობენ. ორი მიმართულებით უნდა მოხდეს მუშაობა: პირველი ის, რომ ერის დაბერების პოლიტიკის დოკუმენტი დაიდოს და სწორად უნდა ჩამოყალიბდეს საპენსიო პოლიტიკა, უნდა გატარდეს საპენსიო რეფორმა.
„ძირითად ქვეყნებში მოხდა პენსიების არა თანხობრივი, არამედ მიზნობრივი ზრდა. საპენსიო რეფორმა მთელ რიგ ღონისძიებებს გულისხმობს. უნდა მოხდეს კონკრეტულ სეგმენტზე, კონკრეტულ პროექტებზე რეფორმების განხორციელება. ჩვენთან ძალიან დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიმდინარე წელს ერის დაბერების დოკუმენტზე მუშაობა ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივით დაიწყო, დოკუმენტზე მუშაობა დაახლოებით ერთ წელს გასტანს. როდესაც ქვეყანაში ხანდაზმულთა წილი იზრდება, აუცილებელია მათი როლი გაძლიერდეს. მათი რესურსი სრულად უნდა იქნეს გამოყენებული. სასწრაფოდ დასაწყებია საპენსიო რეფორმა. დამაფიქრებელია ის, რომ ყოველწლიურად ქვეყანაში პენსიონერთა რიცხვი 9 000 ადამიანით იზრდება. მომავალ, 2016 წელს შესაძლებელია მათმა მატებამ 10 000-ით გადააჭარბოს“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.