ბერნარ კაზნევი – ევროპა ფეხზე უნდა დადგეს ტერორიზმთან საბრძოლველად (ვიდეო)

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ბერნარ კაზნევი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც პარიზში ტერორისტული შეტევების შედეგად 129 ადამიანი დაიღუპა, ევროპა ფეხზე უნდა დადგეს ტერორისტულ საფრთხესთან გასამკლავებლად. კაზნევის თქმით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტერორისტული შეტევების ავტორმა ბელგიიდან საფრანგეთში შეუმჩნევლად ჩასვლა მოახერხა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ტერორისტული საფრთხის გაზრდის გამო ევროკავშირის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები სპეციალურ შეხვედრას ბრიუსელში გამართავენ. ამ შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს მოხდება თუ არა შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნების საზღვრებზე საპასპორტო კონტროლის დაწესება. დღეს არსებული კანონმდებლობით, ამ ქვეყნებს შორის საზღვარზე საბუთების შემოწმება არ ხდება. კაზნევმა ასევე განაცხადა, რომ აბდელჰამიდ აბაუდმა, რომელიც პარიზის ტერაქტების ორგანიზატორია, სირიიდან დაბრუნების შემდეგ ევროკავშირში საბერძნეთის ტერიტორიის გავლით შეაღწია.
შეგახსენებთ, რომ აბაუდი 18 ნოემბერს პარიზის შემოგარენში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს. „ევროპა ფეხზე უნდა დადგეს, გაერთიანდეს ამ საფრთხესთან საბრძოლველად და საკუთარი თავი საკუთარი ძალებით დაიცვას“, – განუცხადა კაზნევმა ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები