კახა კალაძემ და ირაკლი კობახიძემ ხონში საოლქო ორგანიზაციების კონფერენცია გახსნეს
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქათველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტში საოლქო ორგანიზაციების კონფერენცია გახსნეს.
როგორც მათ განაცხადეს, კონფერენციები იმერეთის კიდევ ორ მუნიციპალიტეტში -თერჯოლასა და ხარაგაულში გაიმართება.
“ჩვენ დავიწყეთ მთელი საქართველოს მასშტაბით საოლქო კონფერენციების ჩატარება. დღეს ვიმყოფებით იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტში. კონფერენციები იმერეთის კიდევ ორ მუნიციპალიტეტში გაიმართება: თერჯოლასა და ხარაგაულში, სადაც ავირჩევთ პარტიის თავმჯდომარეებს და ბიუროს წევრებს. თქვენ იცით,რომ საოლქო ორგანიზაციების კონფერენციები ასევე გაიმართა აჭარასა და გურიაში.
სამომავლოდ, პარტიის თავმჯდომარეების არჩევის პროცესში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს მონაწილეობას და ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება. თქვენ იცით, რომ ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა პარტიის გაძლიერებაზე, პარტიის სტრუქტურულად ჩამოყალიბებაზე. ამ მიმართულებით ჩვენ გარკვეული პრობლემები, ხარვეზები გვქონდა, რადგან სამი წლის მანძილზე სულ საარჩევნო პროცესში ვიმყოფებოდით, თუმცა დღეს გვაქვს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ პარტია სტრუქტურულად გავაძლიეროთ და მოვემზადოთ 2016 წლის საპარლამენტო არჩვენებისათვის“, – განცხადა ხონის მუნიციპალიტეტში კონფერენციის დასრულების შემდეგ კახა კალაძემ.