ვახტანგ გომელაური: საქართველოს საზღვრებზე, ძირითადად, აზიური და აფრიკული სახელმწიფოებიდან შემოსვლა გამკაცრდა
საქართველოს საზღვრებზე შემოსვლა სხვადასხვა ქვეყნიდან, ძირითადად, აზიური და აფრიკული სახელმწიფოებიდან გამკაცრდა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
როგორც ვახტანგ გომელაურმა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მაქსიმალურად კონტროლდება, რომ საქართველოს გამოყენება ტრანზიტული მიზნით არ მოხდეს და ქვეყნის გავლით კონკრეტული პირები სირიაში არ მოხვდნენ. მისივე თქმით, ასევე გამკაცრებულია კონტროლი გამშვებ პუნქტებზე.
“საბჭოს სხდომაზე განვიხილეთ, რა ღონისძიებები გატარდა პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილებები და დღეს დილიდან საზღვრებზე უკვე გამკაცრდა ქვეყანაში შემოსვლა სხვადასხვა ქვეყნიდან, ძირითადად, აზიური და აფრიკული სახელმწიფოებიდან. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ტრანზიტად არ გამოიყენონ ჩვენი ქვეყანა, საქართველოს გავლით არ მოხვდნენ სირიაში და არ მიიღონ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა. რამდენიმე ათეული ადამიანი უკვე დავბლოკეთ, ასევე გამკაცრებულია კონტროლი გამშვებ პუნქტებზე. კოორდინირებული მუშაობა შედგა შს სამინისტროსთან. ეს გრძელდება და დღეს კიდევ დაიგეგმა, რომ უფრო გამკაცრდება ზომები სტრატეგიული ობიექტების, უსაფრთხოების დაცვისა და სხვა მიმართულებით. გამკაცრება დავიწყეთ იმ დილითვე, როცა საფრანგეთში ტერაქტი მოხდა, თუმცა ახლა დამატებითი ღონისძიებები გატარდება “, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.