„მოშიმშილეებს თავზე არ უნდა აწვიმდეთ, ხელისუფლებამ მათ შესაბამისი პირობები უნდა შეუქმნას“
პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს მშვიდობისთვის“ თავმჯდომარე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების შიმშილობას გამოეხმაურა. თევზაძის განცხადებით, ხელისუფლებამ მოშიმშილეებს შესაბამისი პირობები უნდა შეუქმნას.
„ცუდია, რომ საქმე შიმშილობამდე მივიდა. ეს მდგომარეობა გამწვავდება, რადგან ისინი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ. აქ არ არის მთავარი, სწორია თუ არა, რომ შიმშილობენ, მთავარია, რომ ადამიანები მიზანმიმართულად ზიანს აყენებენ საკუთარ ჯანმრთელობას და მინიმუმ იმსახურებენ იმას, რომ მათ ადამიანურად მოეპყრან. 21-ე საუკუნეში ადამიანებს შიმშილობისას თავზე არ უნდა აწვიმდეთ, ხელისუფლებამ მათ შესაბამისი პირობები უნდა შეუქმნას. არც ამდენი დღე სჭირდებოდა იმას, რომ იქ სასწრაფო დახმარების მორიგეობა დანიშნულიყო. ძალიან ცუდია, რომ დიალოგზე წასვლა სისუსტედ აღიქმება. დიალოგზე წასვლა სისუსტე არ არის“, – განაცხადა დავით თევზაძემ.