მინდია ჯანელიძე: საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში

კრიზისებისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მინდია ჯანელიძოს განცხადებით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემები მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იქნება. როგორც მინდია ჯანელიძენ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, დღევანდელ სხდომაზე დეტალურად გაიარეს ყველა საკითხი, რომელიც ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკავშირდება.
“განხილული იყო მსოფლიოში ტერორიზმის კუთხით შექმნილი მდგომარეობა და, აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების მთელი რიგი მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარება. დეტალურად გავიარეთ ყველა საკითხი, რომელიც საქართველოში უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკავშირდება. ბუნებრივია, დეტალებზე, ვერ ვისაუბრებ, თუმცა ყველა უწყება თავისი კომპეტენციის ფარგლებში გააგრძელებს მუშაობას უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე და იმ ზომების გატარებას, რომელიც შედის მათ ფუნქციებში. უსაფრთხოების თემები მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იქნება. ჩვენ პერიოდულად გვექნება შეხვედრები, ინფორმაციის წარდგენა, გაანალიზება”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
გარდა ამისა, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი ხაზს უსვამს და საზოგადოებას შეახსენებს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების ათეულში შედის. “მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში. ის შედის უსაფრთხო ქვეყნების ათეულში. მართლაც, ძალიან ბევრი კეთდება ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით”, – აღნიშნა მინდია ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები