მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობა გეოლოგების დასკვნას ელოდება
მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობა გეოლოგების დასკვნას ელოდება. სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად ქედას რაიონი დაზარალდა. წინასწარი მონაცემებით,ზარალის ოდენობა მილიონ ლარს აჭარბებს. შარაბიძეების ოჯახი სტიქიის გამო უკვე მე-6 დღეა მეზობელთან ცხოვრობსნ და გეოლოგების დასკვნას ელოდება. სტიქიამ დამეწყრა ეზოს ნაწილი, ავტოფარეხი და ბოსელი.
“გვითხრეს, გეოლოგები შეისწავლიან ამ ადგილსო. 10 დღის განმავლობაში იქნება პასუხიო. 10 დღე თუ კიდევ ასე უნდა ვიყოთ, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. მეზობელთან როდემდე უნდა ვიყოთ?”, – განაცხადა ნარგიზა შარაბიზემ. შარაბიძეების მსგავსად, გეოლოგების დასკვნას ელოდებიან სამნიძეებიც, რომლებსაც მთებზე არსებული ბზარები აშინებთ.
“ვიცოდეთ მაინც, რამდენად უსაფრთხოა ჩვენთვის აქ ცხოვრება და, საერთოდ, როდემდე უნდა გაგრძელდეს შიშში ცხოვრება”,- აცხადებს გულნარა სამნიძე. ქედას მცხოვრებლები მძიმე ტექნიკას გზებისა და ეზოების გასაწმენდად ამ დრომდე ელოდებიან.