დავით თევზაძე: შესაძლოა, საქართველო ტერორისტების „ეფექტური“ დარტყმის ობიექტი გახდეს
პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს მშვიდობისთვის“ თავმჯდომარე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე საქართველოში ტერორიზმის საფრთხეზე საუბრობს.
როგორც თევზაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, საქართველო შესაძლოა, ტერორისტების „ეფექტური“ დარტყმის ობიექტი აღმოჩნდეს. ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ დაპირისპირება, რომელიც ერთ რეგიონში იყო, საფრანგეთის ტერაქტის შემდეგ მსოფლიო მოვლენა ხდება.
„ეს ომია, უბრალოდ ასეთი ფორმით მიმდინარეობს. არის ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელსაც სურს პოლიტიკური კონტროლი დაამყაროს ადამიანებზე, სივრცეზე. მათ სურთ, „ისლამური სახელმწიფო“ მსოფლიოს საზოგადოებამ აღიაროს. ტერორი, ეს არის იარაღი იმის ხელში, ვინც გაცილებით სუსტია. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აქტიურად არის ჩართული სამშვიდობო ოპერაციებში ავღანეთსა და ცენტრალურ აფრიკაში. ამიტომ შესაძლებელია, რომ საქართველო, როგორც ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის შემადგენელი ნაწილი, ტერორისტული თავდასხმის სამიზნე გახდეს. იყო მოლოდინი, რომ დარტყმები მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე განხორციელდებოდა და ეს ასეც მოხდა. მათ კარგად ესმით სამხედრო სტრატეგიის ანაბანა. ისინი დაარტყამენ იქ, სადაც კოალიციის ყველაზე სუსტი რგოლია, ამ ერთიანობაში ყველაზე სუსტი რგოლი საქართველოა, ამიტომ მოსალოდნელია, რომ საქართველო ტერორისტების „ეფექტური“ დარტყმის ობიექტი გახდეს“, – განაცხადა დავით თევზაძემ.
თევზაძის განცხადებით, ბოლო 3-4 წლის მანძილზე განვითარებული მოვლენებით, ადვილად პროგნოზირებადი იყო ის მოვლენები, რომელიც დღეს ვითარდება. მისი განცხადებით, სირია საქართველოსგან ისე შორს არ არის, რომ იქ განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოზე არ იმოქმედოს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ აუცილებელია საქართველოს საზღვრებზე კონტროლი გამკაცრდეს.