რა არის მედიაცია და როგორ ხდება სამოქალაქო დავების სასამართლოს გარეთ მოგვარება

თბილისსა და გორში მედიაციის საპილოტე პროექტი მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით სამოქალაქო დავების მოგვარება მხარეებს შორის მორიგებით ხდება შესაძლებელი. როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე წულაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, მოსამართლე მხარეებს პირველივე შეხვედრისას მედიაციის შესახებ აწვდის ინფორმაციას და მათ დავის მედიატორით მოგვარების საშუალებას აძლევს.
წულაძის განმარტებით, მას შემდეგ, რაც სასამართლოში მხარეები შეიტანენ სარჩელს, იმართება მოსამზადებელი სხდომა, ამ სხდომაზე სთავაზობს მოსამართლე მათ მედიაციას.
„მედიაციის საპილოტე პროექტის მიზანია, დავების მორიგებით დამთავრების კულტურის საქართველოში დამკვიდრება და სასამართლოს განტვირთვა იმ საქმეებისაგან, რომლებიც შესაძლოა, მხარეებს შორის ორმხრივად მომგებიანი გამოსავალით დასრულდეს. როგორც პირველი, ისე მეორე ინსტანციის სასამართლო სამოქალაქო დავებით ძალიან გადატვირთულია. ეს არის სტრატეგიული მოლაპარაკებების პროცესი. თუ ჩვეულებრივი მოლაპარაკების დროს შესაძლოა, რომ მხარემ ოპონენტ მხარეს გარკვეული ინფორმაცია არ მიაწოდოს, მედიატორთან ურთიერთობა არის კონფიდენციალური, რასაც მხარე იტყვის, მედიატორთან რჩება, მხოლოდ მასთან, მედიატორი გათავისუფებულია ჩვენების მიცემის ვალდებულებისგანაც.
მოსამართლეს არ აქვს უფლება, ის დაიბაროს და მოითხოვოს მისგან ჩვენება მედიაციის პროცესში განხორციელებული ინფორმაციის შესახებ. პრაქტიკაში მოქმედებს ნებაყოფლობითი მედიაციის ინსტიტუტი, საქმე სამედიაციოდ მხოლოდ მხარეების თანხმობით გადაეცემა. მოსამართლეები მხარეებთან პირველი ურთიერთობის დროს მათ მედიაციის უპირატესობებზე ესაუბრებიან, და თუ მხარეები თანახმანი იქნებიან, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, მხოლოდ ამ შემთხვევაში გადაეცემა საქმე მედიატორს. მას შემდეგ, რაც სასამართლოში მხარეები შეიტანენ სარჩელს, იმართება მოსამზადებელი სხდომა, ამ სხდომაზე სთავაზობს მოსამართლე მათ მედიაციას.
მედიაცია ამ დროისთვის თბილისში და გორში არსებობს და ორივე ქალაქში ის სრულიად უფასოა. თუ ისინი წარმატებით გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას და მორიგდებიან, მორიგების აქტს მოსამართლე დაამტკიცებს, რის შემდეგაც სააღსრულებლო ფურცლის ამოწერაც იქნება შესაძლებელი. ამით მხარეები მოიგებენ დროშიც და ეკონომიურადაც, რადგან ეს უფასოა და სასამართლოში გადახდილი ბაჟის 2/3 უკან დაუბრუნდება“, – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.
საქართველოში მედიატორთა ასოციაციები არსებობს, ერთია სასამართლოს მედიატორთა ასოციაცია, მეორეა საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, სადაც ჯამში 150 პიროვნება ერთიანდება. წულაძის განმარტებით, მედიატორთა უმრავლესობას მედიაციის უნარებში საკმაოდ მაღალი დონის ტრენინგი აქვს გავლილი. მათი ნაწილი სასამართლოს, ნაწილი კი სხვადასხვა უნივერსიტეტის დახმარებით დაფინანსდა.
იმის მიუხედავად, რომ საქართველოში მედიაცის ნებაყოფლობით გამოყენების პრაქტიკაა დამკვიდრებული, საქართველოს კანონმდებლობით მედიაცია შესაძლებელია, რომ ყველა სახის სამოქალაქო დავაზე იყოს, თუმცა საოჯახო, სამეზობლო და მემკვიდრეობით დავებზე შესაძლებელია სავალდებულო მედიაციაც გაიმართოს და საქმე სამედიაციოდ პირდაპირ მოსამართლის მითითებით გადაეცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები