ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო აფასებს ევროკავშირის მხარდაჭერას რეფორმების გატარების პროცესში
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების სხდომაზე სათანადოდ შეფასდა ასოცირების ხელშეკრულების ეტაპობრივი განხორციელების პროცესში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში.
„კერძოდ, პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესმა მნიშვნელოვნად დააჩქარა საქართველოს ტრანსფორმაცია და მოდერნიზაცია.
საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ისეთ სფეროებში, როგორიცაა დემოკრატიის კონსოლიდაცია, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტალურ თავისუფლებათა დაცვა და ეკონომიკური სტაბილურობისა და ზრდის უზრუნველყოფა“, -აღნიშნა პრემიერმა.
ღარიბაშვილის თქმით, საქართველო აფასებს ევროკავშირის მხარდაჭერას რეფორმების გატარების პროცესში და იმედის თვალით შეჰყურებს სამომავლო დახმარებას. პრემიერმა ვიზების ლიბერალიზაციის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.
“ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგში. საქართველოს მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ეტაპობრივი მიზნების მისაღწევად. გამოვთქვამთ იმედს, რომ ჩვენი მიღწევები იქნება სათანადოდ აღიარებული და ასახული ევროკავშირის დადებით შეფასებაში, რაც შედეგად მოიტანს საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლას ევროპაში. საქართველოს მოქალაქეთათვის ეს გადაწყვეტილება იქნება უტყუარი დემონსტრირება იმისა, რომ ევროპულ არჩევანს მოაქვს კონკრეტული შედეგები”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.