გალაკტიონის „მერი“ 100 წლისაა!

18 ნოემბერს, 19 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება გალაკტიონის საიუბილეო საღამო, რომელიც ეძღვნება მისი ლექსის – „მერის“ პუბლიკაციის 100 წლისთავს.
საღამოს ინიციატორი და ორგანიზატორია თსუ დასავლეთევროპული ფილოლოგიის ინსტიტუტის თარგმანმცოდნეობის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი ინესა მერაბიშვილი.
პროფ. ინესა მერაბიშვილის მიერ გალაკტიონის შემოქმედების კვლევა აისახა მის ორ მონოგრაფიაში – „გალაკტიონის ენიგმები“, თბ., 2003 და „გალაკტიონის Meri, პროტორიპის ძიება“, თბ., 2012.
პროფესორი ინესა მერაბიშვილი არის აგრეთვე გალაკტიონის პოეზიის მთარგმნელი ინგლისურ ენაზე. 2011 წელს მისი ინგლისურენოვანი თარგმანები კრებულის სახით გამოსცა დიდმა ბრიტანეთმა. ამავე კრებულის პრეზენტაციით ლონდონში 2011 წლის 23 ნოემბერს აკადემიური, დიპლომატიური და არისტოკრატიული წრეების ინიციატივით ჩატარდა ქართველი პოეტის 120 წლისთავის საიუბილეო საღამო. სპეციალური კორესპონდენტის დახმარებით ლონდონში საღამო გააშუქა „რუსთავი 2“-მა.
18 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინესა მერაბიშვილი წარმოადგენს ლექს „მერის“ შექმნის ამბავს, როგორც მისი მრავალწლიანი კვლევის შედეგს. როგორც კვლევა მოწმობს, მერი გახლავთ დიდი ლიტერატურული სახე, რომლითაც გალაკტიონი შეეხმიანა რა ამ სახის ასახვას ევროპულ პოეზიაში, ის კიდევ უფრო მაღალ შემოქმედებით მწვერვალზე აიყვანა. ინესა მერაბიშვილის კვლევით, გალაკტიონის მერი არის არა მხოლოდ სათაყვანებელი იდეალური ქალი, არამედ ის ამავე დროს ღვთისმშობლის ხატებაა. „გალაკტიონთან მერი – ღვთისმშობელია, გალაკტიონთან ვარდიც ღვთისმშობელია, გვირილა – ყრმა ქრისტეა („აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით“ და სხვა).
აი,  რატომ შრიალებს ვერხვი გალაკტიონის ლექსში: „და შრიალებდა ტოტი ვერხვისა, რაზე – ვინ იცის! ვინ იცის, მერი!“, „ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი აშრიალდება უშორეს ზღაპრად“.
მიუხედავად ყოველივე ამისა, კვლავ ცოცხლობს ლეგენდა უმშვენიერეს მერი შერვაშიძეზე. ხოლო ამ პრიზმაში დანახული „მერის“ შექმნის ნამდვილი ამბავი კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესოა.
საღამოზე კვლევის შედეგების მოსმენას კიდევ უფრო ცოცხალს გახდის ეკრანზე წარმოდგენილი საილუსტრაციო მასალა: ფოტო და ვიდეოჩვენება.
მოგონებებით გამოვლენ: გალაკტიონის შვილობილი ქალბატონი ნუნუ ებანოიძე, მერი შერვაშიძის ნათესავი ქალბატონი თათული ღვინიაშვილი და სხვები. გალაკტიონის ამ თემასთან დაკავშირებულ ნაწარმოებებს შეასრულებენ ცნობილი მუსიკოსები: ნესტან მესხი, ზვიად ბოლქვაძე, ვალერიან შიუკაშვილი, დავით არჩვაძე, ოთარ ჯორჯიკია, ანა ჭანია და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები