„ზამთრის ზღაპრის“ პრემიერა ბათუმის თეატრის ახალ სცენაზე
21 ნოემბერს, 20 საათზე ბრიტანულ-ქართული კოპროდუქციის პრემიერა ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ახალ სცენაზე გაიმართება. „ზამთრის ზღაპრის“ პრემიერა, ბათუმის დრამატული თეატრის და ლონდონის ახალგაზრდული თეატრის – „Unicorn Theatre“ – ის პარტნიორობის პირველ შედეგს წარმოადგენს. „Unicorn Theatre“-ის რეკომენდაციით, ბრიტანელი რეჟისორი თარეკ ისკანდერი-მუშაობას ზაფხულში შეუდგა.
„ზამთრის ზღაპარი“ თანამედროვე დრამატურგის – იგნას კორნალისენის პიესაა, რომლის ინსპირაცია შექსპირის ამავე სახელწოდების პიესა იყო. ეს არის სპექტაკლი იმაზე, თუ როგორ იდგმება თეატრში შექსპირის „ზამთრის ზღაპარი“ და როგორ ვითარდება შემოქმედებითი ჯგუფის პირადი ურთიერთობები სპექტაკლზე მუშაობის პროცესში. ამ პროექტის მეშვეობით ბრიტანულ და ქართულ თეატრებს შორის თანამშრომლობა მეორედ შედგა.
ბრიტანეთის საბჭოსა და აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, გასულ წელს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ქართულ ენაზე დაიდგა ინოვაციური, ეკრანიზებული თეატრის შესანიშნავი ნიმუში „ნული საათი“. ეს იყო პირველი ქართულ-ბრიტანული კოპროდუქცია, რომელიც საშემსრულებლო ხელოვნების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა ბათუმში.