ოზურგეთში ძლიერი წვიმის გამო მეწყერი ჩამოწვა
უამინდობის გამო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში სხვადასხვა სახის პრობლემა შეიქმნა.
სტიქიის შედეგად სასოფლო შიდა გზები და საკარმიდამო ნაკვეთები დაზიანდა, ჩამოწვა მეწყერი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად პრობლემურ ლოკაციაზე იმყოფება.
სოფელ სილაურში ადიდებულმა მდინარემ საკარმიდამო ნაკვეთი და თხილის ნარგავები წაიღო. იგივე პრობლემა შეექმნა სოფელ ჯუმათში მცხოვრებ ერთ ოჯახს. უხვი ნალექის გამო მეწყერი ჩამოწვა სოფელ კონჭკათში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მდგომარეობა ადგილზე სოფლის მაჟორიტარ დეპუტატთან გელა აროშიძესთან ერთად შეისწავლა და ოჯახი დროებითი თავშესაფრით უზრუნველყო.
მერაბ ჭანუყვაძე დღეს სოფელ ლიხაურში ე.წ. საყვავილის ბინის მაცხოვრებლებსაც შეხვდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამორტიზებული სახურავების გამო წყალი სახლებში ჩასდით. ადგილზე მიტანილია თუნუქის მასალა და გადახურვითი სამუშაოები გამოდარებისთანავე დაიწყება. მეწყრული პროცესების გამო დაზიანებულია სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზა სოფელ შრომაში.
ოზურგეთის გამგებელის, მერაბ ჭანუყვაძის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები ადგილზე სწავლობენ სიტუაციას და ითვლიან ზარალს.
„უამინდობის გამო რამდენიმე სოფელში პრობლემებია, ძირითადად, დაზიანდა სავალი გზები, საკარმიდამო ნაკვეთები და მრავალბინიანი კორპუსების სახურავები. შესაბამისი სამსახურები ადგილზე სწავლობენ სიტუაციას, ითვლიან ზარალს და დაზარალებულებს საჭიროების მიხედვით ეხმარებიან. სოფელ კონჭკათში იყო მეწყრის შემთხვევა, საიდანაც ოჯახი უსაფრთხო ადგილას გადავიყვანეთ“, – აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.

