სალომე ზურაბიშვილი სანდრა რულოვსზე: მრავალსაუკუნოვანმა ქვეყანამ მიიღო ჰოლანდიის სოფლის ქალი

“საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილ პირველ ლედისთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს.

ზურაბიშვილი სანდრა რულოვსისადმი მიმართვაში წერს, რომ ყოფილმა პირველმა ლედიმ არ შეიძლება უსაყვედუროს მრავალსაუკუნოვან ქვეყანას, რომელმაც მიიღო იგი.

“ეს არ ყოფილა თვით სანდრას სიტყვები, არამედ მისი გულშემატკივრების განცდების გამოხატვა იყო, როგორც ქვემოთ აღვნიშნე და საჯაროდ ბოდიშს ვიხდი შეცდომისათვის და დაუზუსტებლობისთვის, მაგრამ შინაარსი მგონი უცვლელია.

ქვეყნის ყოფილი “პირველი ლედი” (თუმცა ეს სახელი ნაკლებად მხიბლავს “დედ-უფალი”, ან “პირველი მანდილოსანი”, ან კიდევ სხვა რამ “ჩვენი”,  უფრო საინტერესო იქნებოდა, მაგრამ, ამ შემთხვევაში, კიდევ კარგი, სხვა არ დავარქვით რა), როცა აცხადებს თავის მასპინძელ ქვეყანაზე: “ამ ერმა საერთოდ დაკარგა სახე და ყველაზე დიდ კრიმინალურ ერთობად ჩამოყალიბდა დედამიწაზე”, როცა გვსაყვედურობს, რომ მან ეს ქვეყანა გაითავისა და არაფრად თვლის იმას, რომ ამ მრავალსაუკონოვანმა ქვეყანამ ასევე მიიღო ეს ჰოლანდიის სოფლის ქალი, ეს შეიძლება პირად წყენას დააბრალო, თუმცა მიუღებელია ჩვეულებრივ ცივილიზებულ ქვეყანათა შორის ურთიერთობებისთვის.

როცა გვაყვედრის იმასაც, რომ რწმენა შეიცვალა, იმდენიც არ ესმის, რომ მისი და ჩვენი რწმენა ერთი და იგივე ქრისტიანობაა და, რომ საერთოდ ორჯერ მონათვლა ერთი ღმერთის წინაშე დიდი ცოდვაა, ეს უკვე მის უვიცობაზე მეტყველებს.

მაგრამ ყველაზე ამაზრზენი ის არის, როცა საერთოდ, “ერს” აბრალებს მასზე ცილისწამებას ორგანოებით ვაჭრობის ბრალდებების გამო. ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ ასეთი ბრალდება უნდა გაჟღერდეს მტკიცებულების გარეშე, მაგრამ,  მაინტერესებს მისი “პირველლედობის დროს”,  რამდენი ადამიანი, სრულიად უდანაშაულო და ცრუ ბრალდებებით ციხეში ჩასმული და განადგურებული, ან მოკლული, რომელზე გამოთქვა “ლედიმ” რაიმე წუხილი,  ან თუნდაც ინტერესი გამოხატა? მაგალითად ირინა ენუქიძის მიმართ!

ქალბატონო პირველო ლედი, იმდენი უნდა იცოდეთ, რომ ამ ქვეყნად არცერთი ერი, არც გერმანელები ებრაელების გაწყვეტაზე, არც ამერიკელები ინდოელების მოსპობაზე, არც რუსები თუნდაც საქართველოს ეკლესიების მოხატულობის წაშლაზე, არც … არც … არცერთ შემთხვევაში ერი არ ატარებს ასეთ პასუხისმგებლობას. თუ ვინმე, კონკრეტული პირები, როგორც მაგალითად თქვენი მეუღლეა (ან კიდევ პირადად თქვენ, რამეთუ, არ გამოვრიცხავ, თქვენც იყოთ გარეული, მაგალითად გაუმართავი ყვითელი ავტობუსების შემოყვანის სქემაში, ან კიდევ, საქართველოს ბაზრის ჰოლანდიური ყვავილებით შევსებასა და ქართული ყვავილის გაქრობის საქმეებში) და მისი გარემოცვა, მაგრამ ერის კოლექტიური პასუხისმგებლობა არ არსებობს. ღვთის შვილმაც კი, ჯვარზე რომ აცვეს, არ დააკისრა ებრაელთა ერს ასეთი უმძიმესი პასუხისმგებლობა. ვინ ხართ თქვენ, რომ ამის უფლებას იღებთ თქვენ თავზე?! თან იმ ქვეყნის მიმართ, რომელმაც გაგხადათ “ლედი” არაფრიდან. ზრდილობა, ზრდილობა და აღზრდა, სხვა ვერაფერს ვერც გეტყვით.

სამეგრელოს და ზვიადის ხსენება არ გიშველით, რამეთუ, არა მგონია, რომ თავისი ერის გამლანძღველს, ან ერთს – გუშინ, ან მეორეს – დღეს, პატივი ეცა”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები