ლექცია ISAF მისიაში წამსვლელ სამხედრო მოსამსახურეებს

  ავღანეთის მისიაში წამსვლელ სამხედრო მოსამსახურეებს გაეროს „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ რეზოლუციებსა და „კეთილსინდისიერების ამაღლების“ საკითხებზე პირველად ჩაუტარდათ სპეციალური სწავლება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაეროს აღნიშნული რეზოლუციები კონფლიქტების დროს ქალთა უფლებების დაცვაზე, უსაფრთხოების სექტორში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდაზე და კონფლიქტების მოგვარებაში ქალთა აქტიურ მონაწილეობაზე ამახვილებს ყურადღებას. „კეთილსინდისიერების ამაღლების“ პროგრამა სამხედრო მოსამსახურეებში კეთილსინდისიერების განმტკიცებასა და კორუფციულ რისკებზე მათი მხრიდან ადეკვატური რეაგირებას ისახავს მიზნად. სპეციალური სწავლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ავალიანმა, აკადემიის სამეთაურო საშტაბო სკოლის ბრძოლის საფუძვლების განყოფილების უფროსმა ინსტრუქტორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა თეიმურაზ ბუსხრიკიძემ, და კაპიტნის საკარიერო სკოლის მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსის უფროსმა ინსტრუქტორმა, კაპიტანმა გიორგი თვაურმა, სამინისტროს საერთაშორისო სამართლის სამმართველოს უფროსმა გიორგი ამანათიძემ, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილემ ოთარ დუღაშვილმა ჩაატარეს. უწყების ინფორმაციით, ამ საკითხებზე სწავლებები მისიაში მონაწილე ყველა სამხედრო მოსამსახურეს ჩაუტარდება. მომავალში გადასროლისწინა წვრთნას დაემატება ტრეფიკინგის თემაც. აღნიშნული საკითხები ეროვნული თავდაცვის აკადემიის საბაკალავრო პროგრამების და სპეციალური სკოლების მოსამზადებელ პროგრამებშიც ჩაიდება.
„ამ საკითხებზე განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება ემსახურება თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს – საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების, პროფესიონალი და კეთილსინდისიერი შეიარაღებული ძალების ფორმირებას. თანამედროვე ქართული შეიარაღებული ძალების სახე არის სამხედრო მოსამსახურე, რომელიც კარგად იცნობს, პატივს სცემს და იცავს ქალის უფლებებს და თავისუფალია კორუფციული გავლენისგან“, – აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები