რუსი სპორტსმენები შესაძლოა, 2016 წლის ოლიმპიადაზე არ დაუშვან

რუსი სპორტსმენები შესაძლოა, მომავალი წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე არ დაუშვან. ამის შესაძლებლობას რუსეთის სპორტის მინისტრი ვიტალი მუტკოც არ გამორიცხავს. ამასთანავე, რუსი მინისტრის თქმით, კეთილსინდისიერი სპორტსმენები არ უნდა დაზარალდნენ. „რა თქმა უნდა, ასეთი შესაძლებლობა არსებობს, რადგანაც ზოგიერთს პირდაპირი კონკურენტის მოშორება აწყობს, სხვებს კი ქვეყნის იმიჯის შელახვა. თუმცა რა შუაში არიან სპორტსმენები, რომლებსაც ამ სკანდალთან შეხება არა აქვთ? მაგალითად, ელენა ისინბაევა, რომელიც თავის მეხუთე ოლიმპიადაზე უნდა გამოვიდეს“, – განაცხადა მუტკომ.
9 ნოემბერს მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA) გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც ამ ორგანიზაციამ რუსეთის ხელისუფლება მოსკოვის ანტიდოპინგური ლაბორატორიის მუშაობაში ჩარევაში დაადანაშაულა. ამის შედეგად, სააგენტოს აზრით, დოპინგის დადებითი დასკვნების დამალვა მოხდა. WADA-მ მოუწოდა მსუბუქი ატლეტიკის მსოფლიო ფედერაციების ასოციაციას, რუსი სპორტსმენები მისი ეგიდით ყველა შეჯიბრიდან, მათ შორის 2016 წლის ოლიმპიადიდან მოხსნას. ამ რეკომენდაციის მიხედვით შეზღუდვამ იქამდე უნდა იმოქმედოს, ვიდრე არ დადასტურდება, რომ რუსი სპორტსმენები დოპინგს არ მოიხმარენ. WADA-ში ასევე აცხადებენ, რომ რუსეთის სპორტის მინისტრი ვიტალი მუტკო ამ მრავალრიცხოვანი მანიპულაციების საქმის კურსში იყო, ხოლო დოპინგის მოხმარებას რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური მალავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები