გია ვოლსკი გიორგი მარგველაშვილს განცხადების გადახედვას ურჩევს
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ქვეყნის პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ურჩევს, რომ მმართველ გუნდთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გადახედოს.
ამასთან, ვოლსკი უკრაინელ კოლეგებს კითხვით მიმართავს – როგორ მოეწონებოდათ მათ, იანუკოვიჩი საქართველოში მაღალ პოზიციაზე რომ იყოს და უკრაინის ტერიტორიაზე სისხლისღვრის ორგანიზებას გეგმავდეს.
აღნიშნული განცხადებები უმრავლესობის დეპუტატმა პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“იმ საკითხზე საუბარი ძალიან არ მსიამოვნებს, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილო. ჩემსა და ჩემი კოლეგების მიმართ რამდენიმე კითხვა დაისვა, როგორ ვაფასებთ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებს. პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ პატივისცემას ვადასტურებ, მაგრამ პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქართული საზოგადოება, მთელი არასამთავრობო ორგანიზაცია და ყველა პარტია, გარდა კოალიციისა, დგას ერთ პოზიციაზე და თურმე ჩვენ გავეყარეთ, გავემიჯნეთ ყველას. ვფიქრობ, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ამ საკითხზე კიდევ ერთხელ უნდა გადახედოს თავის პოზიციას, რადგან მის პოზიციას უსმენენ. მინდა, ჩემს უკრაინელ კოლეგებს მივმართო, როგორ მოეწონებოდათ, რომ იანუკოვიჩი საქართველოში მაღალ პოზიციაზე იყოს და პირდაპირ სისხლისღვრის ორგანიზებას გეგმავდეს უკრაინის ტერიტორიაზე”,-განაცხადა გია ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.