იანოშ ჰერმანი: არ ვფიქრობ, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესსა და “რუსთავი 2”-ის საკითხს შორის პირდაპირი კავშირი არსებობდეს
ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი მიიჩნევს, რომ “რუსთავი 2”-ის საქმეს ვიზალიბერალიზაციის შესაძლო დაბრკოლებასთან კავშირი არ აქვს.
ამის შესახებ ჰერანიმ შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.
“არ ვფიქრობ, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესსა და “რუსთავი 2″-ის საკითხს შორის პირდაპირი კავშირი არსებობდეს.
მინდა გავიმეორო ის, რაც გუშინ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა. ჩვენ ახლა ვიზალიბერალიზაციის მოქმედებათა გეგმის იმპლემენტაციის შეფასების ეტაპზე ვართ. არ მგონია, რომ ამას რაიმე კავშირი ჰქონდეს იმ საკითხთან, რომელიც ახლა საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგში დგას”, – განაცხადა ჰერმანმა და “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე კომენტარებისგან თავი შეიკავა.
მისი განმარტებით, ევროკავშირმა მართლმსაჯულების სისტემის სრული დამოუკიდებლობისა და მედიისა და პოლიტიკური პლურალიზმის დაცვის აუცილებლობაზე არაერთი განცხადება გააკეთა.