კახა კალაძე: ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას, ვიცით, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი
ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერის კახა კალაძის განცხადებით, კონკრეტული ადამიანები ცდილობენ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -თან დაკავშირებული დავა პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ.
მისი თქმით, სასამართლო არის დამოუკიდებელი და მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ.
„ძალიან დიდი თხოვნა იქნება, ამ დავას ნუ გადავიყვანთ პოლიტიკურ ჭრილში, რასაც კონკრეტული ადამიანები ცდილობენ. რაც შეეხება მოსამართლე ურთმელიძის განჩინებას დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ, ჩვენ უნდა შევეგუოთ ერთ რამეს – სასამართლო, როდესაც გადაწყვეტილებას იღებს, ეს ერთი მხარისთვის შეიძლება დამაკმაყოფილებელი იყოს, მეორე მხარისთვის კი მიუღებელი. თავს შევიკავებ ჩემი პოზიციის დაფიქსირებისგან ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე, რადგან ეს შეიძლება აღქმული იქნას მხარდაჭერად ან ზეწოლად. თუ ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას, მაშინ ვიცით, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი და მოსამართლის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ“, – განაცხადა კალაძემ.