„იუსტიციის საბჭოში ურთმელიძის დაბარება შეცდომა იყო, საბჭოს უფლება არ აქვს, მოსამართლის საქმიანობაში ჩაერიოს“
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კახა სოფრომაძე საბჭოში მოსამართლე ურთმელიძის დაბარების ფაქტს უარყოფითად აფასებს. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, თუნდაც ყველაზე კეთილი მიზნებით მომხდარიყო საბჭოში მოსამართლის დაბარება, დღევანდელი მოცემულობის შემთხვევაში ის გარკვეულ კითხვებს დაბადებდა.
სოფრომაძის განცხადებით, საბჭოს არა აქვს უფლება კონკრეტულ საქმეზე ანგარიში მოსთხოვოს მოსამართლეს და სასამართლოს საქმიანობაში ჩაერიოს. ხოლო მათ, ვინც ეჭვობს, რომ ურთმელიძის გადაწყვეტილებაში შესაძლოა, რაიმე კანონდარღვევა ან გადაცდომა იყოს, სოფრომაძე მოუწოდებს, რომ შესაბამისი განცხადება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარადგინონ, რის შემდეგაც საბჭო დარღვევასთან დაკავშირებით იმსჯელებს.
„ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლის დაბარება ან მოწვევა ნებისმიერი ფორმით, რა ფორმითაც და რა კეთილი მიზნებითაც არ უნდა ყოფილიყო, დღევანდელი მოცემულობის შემთხვევაში, გარკვეულ კითხვებს დაბადებდა და ალბათ სწორიც იყო, რომ მოსამართლესთან ჩვენ კომუნიკაცია არ გვქონდა. მეტი წინდახედულება და იმის გათვალისწინება მართებს ყველას, თუ ასეთ კრიტიკულ სიტუაციებში, როგორ აღიქმება ესა თუ ის ნაბიჯი საზოგადოებაში, მასმედიაში და დაინტერესებულ მხარეებში.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არანაირი უფლება არ აქვს რაიმე ფორმით სასამართლოს და მოსამართლის საქმიანობაში ჩაერიოს. მოსამართლე დამოუკიდებელია, გადაწყვეტილებას თავისი შინაგანი რწმენით იღებს. პირიქით ნებისმიერი პირის მხრიდან მოსამართლის საქმიანობაში ჩარევა და კონკრეტულ საქმეზე ანგარიშის მოთხოვნა არის დანაშაული. იუსტიციის საბჭოს ფუნქციაა, უზრუნველყოს მოსამართლის და სამართლოს დამოუკიდებლობა, უზრუნველყოს შესაბამისი მენეჯმენტი და ამ კუთხით მიიღოს სასამართლოს ზოგადად მართვაში მონაწილეობა.
იმ შემთხვევაში, თუკი ვინმე ფიქრობს, რომ მოსამართლის მხრიდან დარღვეულია კანონი, ან რაიმე გადაცდომას ჰქონდა ადგილი, მათ აქვთ უფლება, შემოიტანონ შესაბამისი განცხადება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რის შემდეგაც საბჭო დარღვევასთან დაკავშირებით სადისციპლინო კუთხით იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“,- განაცხადა კახა სოფრომაძემ.