საბერძნეთის პარლამენტი საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის საკითხის განხილვას გეგმავს
საბერძნეთის პარლამენტი მომავალ კვირას საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის საკითხის განხილვას გეგმავს, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინეტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს დავით ბაქრაძეს საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ ნიკოლაოს ვუციმ განუცხადა.
როგორც “კვირას“ სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრა ათენში, დავით ბაქრაძის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძეც მონაწილეობდა. მათივე განმარტებით, მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და მასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს. დავით ბაქრაძემ მადლობა გადაუხადა ბერძნულ მხარეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც საბერძნეთი გამოხატავს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. საბერძნეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გუშინ განიხილა და მოიწონა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების საკითხი, რაც შესაბამისად, გადაიგზავნა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად,”- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს საქართველოსა და საბერძნეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. საბერძნეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს რეფორმებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების პრეზენტაცია ადგილობრივი ბიზნესმენებისთვის.