ვახტანგ ხმალაძე დეტალურად განმარტავს, რატომ მოითხოვა პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების აცილება

პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დეტალურად განმარტავს, რატომ მოითხოვა პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების აცილება, რომლებმაც „რუსთავი-2“-ის სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანეს.

როგორც ვახტანგ ხმალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, მოსამართლეებმა – ვარძელაშვილმა და კოპალეიშვილმა „რუსთავი 2“-ის სარჩელთან დაკავშირებით მიკერძოება გამოხატეს.

ვახტანგ ხმალაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის წევრები არათანამიმდევრობაში, არალოგიკურობაში და მალულობაში ამხილა. კერძოდ, პარლამენტის დეპუტატის განცხადებით, სასამართლო კოლეგიის წევრებმა სარჩელი ისე განიხილეს, რომ პარლამენტის წარმომადგენელი სხდომას არ დაასწრეს.

„ის, რომ მოსამართლეები – ვარძელაშვილი და კოპალეიშვილი სხვადასხვა დროს იუსტიციის სამინისტროში ბატონ გვარამიასთან ერთად მსახურობდნენ, ეს არ არის ძირითადი საფუძველი იმისა, რატომ მოვითხოვეთ ჩვენ მოსამართლეთა აცილება. ჩვენ შუამდგომლობაში აღვნიშნეთ, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ აცილება მოვითხოვეთ, შეიძლება ესეც იყოს. თუმცა, მთავარი მიზეზი ის არის, როგორი პროცედურით მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო. აქ იყო არათანამიმდევრობა,  არალოგიკურობა, აქ იყო მალულობა. აქვე შემიძლია ყველა ფაქტი ზუსტად მოგახსენოთ. მიმაჩნია, რომ არა მხოლოდ კოლეგიის თავმჯდომარის, ვარძელაშვილის პრობლემა იკვეთება, არამედ, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მთლიანად კოლეგიის შემადგენლობის პასუხისმგებლობაზე და, ამასთან, საკითხიც დაგვესვა კოლეგიის აცილების თაობაზე. თუმცა, თუ ორი მოსამართლის აცილება დაკმაყოფილდა, ავტომატურად ნიშნავს, რომ საქმე განსახილველად გადაეცემა მეორე კოლეგიას“, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ „იმედის“ ეთერში.

ამასთან, პარლამენტის უმრავლესობის წევრმა დეტალურად განმარტა, რა პროცედურები დაარღვია საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიამ გადაწყვეტილების გამოტანის დროს.
„საკონსტიტიციო სასამართლოში შეტანილი იყო სამი სარჩელი. პირველი სარჩელი იყო 19 ოქტომბერს. მეორე სარჩელი, უკვე „რუსთავი 2“-ის სარჩელი შევიდა 26 ოქტომბერს. მესამე სარჩელი კი 28 ოქტომბერს შევიდა. სამივე სარჩელში გასაჩივრებული იყო ერთი და იგივე ნორმა. საკონსტიტუციო სასამართლოდან გვაცნობეს, რომ პირველი სარჩელი, რომელიც 29 ოქტომბერს იყო შეტანილი, მხარეთა მონაწილეობით ზეპირი მოსმენით 9 ნოემბერს განხილულიყო, რასაც ჩვენ დავთანხმდით. 30 ოქტომბერს, ანუ მეორე დღეს საკონსტიტუციო სასამართლოდან გვიკავშირდებიან და გვატყობინებენ, რომ მეორე სარჩელი (28 ოქტომბერს) იგივე საკითხს ეხებოდა და ვაერთიანებთ. ამ ორივე სარჩელის განხილვა 2 ნოემბერს მოითხოვეს. 2 ნოემბრამდე კი დარჩენილი იყო ორი არასამუშაო დღე. ჩვენ ვითხოვეთ გონივრული ვადა იმისთვის, რომ ჩამოყალიბებულიყო პოზიცია სარჩელებთან დაკავშირებით, რაზედაც უარი განგვიცხადეს. იმავდროულად, ჩვენი წარმომადგენელი, საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო საკითხის აპარატს მიმართავს, იყო თუ არა „რუსთავი 2″ -ის სარჩელი რეგისტრირებული და რა საკითხს ეხებოდა ის. პასუხად მივიღეთ, რომ „რუსთავი 2″ -ის სარჩელი ჯერ არ არის დარეგისტრირებულიო. მიზეზიც განმარტეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოში არ იმყოფებაო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სარჩელს არეგისტრირებს არა სასამართლოს თავმჯდომარე, არამედ აპარატი. ამის შემდეგ, ამ ორ გაერთიანებულ სარჩელზე გამწესრიგებელი სხდომა  2 ნოემბერს, დილის 9.30 წუთზე დაინიშნა.
სხდომის დაწყებამდე, 15 წუთით ადრე, ჩვენს წარმომადგენელს უცხადებენ, რომ მოსარჩეელებმა უარი თქვეს სარჩელზე და ამიტომ გამწესრიგებელი სხდომა არ გაიმართებოდა, რის შედეგადაც, ჩვენმა წარმომადგენელმა საკონსტიტუციო სასამართლოს შენობა დატოვა. იმავე დღეს, 2 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე „რუსთავი 2“-ის სარჩელი ატვირთეს. იქ მიუთითეს, რომ ეს სარჩელი რეგისტრირებული იყო 26 ოქტომბერს. ანუ, როცა სარჩელი თავდაპირველად შევიდა (არადა, ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ „რუსთავი 2“-ის სარჩელი რეგისტრირებული არ არისო). ამის შემდეგ, 11.40 წუთზე ჩვენს წარმომადგენელს ატყობინებენ, რომ 12 საათზე გამოცხადდებოდა კოლეგიის გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის სარჩელთან დაკავშირებით. ჩვენთვის უცნობი იყო, რომ სხდომა გაიმართებოდა, განხილვა მხარეთა მონაწილეების გარეშე ჩატარდებოდა. ეს ყველაფერი ქმნის იმის საფუძველს, რომ აქ საქმე გვქონდა მიკერძოებასთან“, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები