თინათინ ხიდაშელი იაპონიაში გაემგზავრა
საქართველოსა და იაპონიის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებს შორის პირველი ოფიციალური შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. საქართველოს თავდაცვის მინისტრი იაპონიაში უკვე გაემგზავრა.თინათინ ხიდაშელი და იაპონელი კოლეგა გენ ნაკატანი საქართველოსა და იაპონიის თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები, იაპონიის თავდაცვის აკადემიაში სტუმრობა და ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებულ სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა.
„პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოსა და იაპონიის თავდაცვის სამინისტროები ვიწყებთ თანამშრომლობას. ჩვენ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოვაწერთ ხელს, რომლის ამოცანაც კონკრეტული ღონისძიებების ერთობლივად განხორციელებაა. ბუნებრივია, დაგეგმილი გვაქვს ორმხრივი შეხვედრა ჩემს კოლეგასთან, გაიმართება შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვეწვევით იაპონიის თავდაცვის აკადემიას. ჩემი სურვილი და ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს თანამშრომლობა საქართველოსა და იაპონიის თავდაცვის აკადემიებს შორის. მოგეხსენებათ, იაპონია სპეციფიკური ქვეყანაა ამ თვალსაზრისით, ამიტომ იმგვარი სამხედრო თანამშრომლობა,როგორიც სტრატეგიულ პარტნიორებთან გვაქვს, ამ ქვეყანასთან არ იქნება. თუმცა, რადგან მოვახერხეთ და ეს ვიზიტი დაიგეგმა, ბუნებრივია, რეალურ შედეგებსაც უნდა ველოდოთ“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის პირველი ოფიციალური ვიზიტი იაპონიაში 14 ნოემბერს დასრულდება.