გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს მიერ მიღწული პროგრესი დადებითად შეაფასა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, სასამართლოს რეფორმა, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკანონმდებლო პაკეტი, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და ა.შ. – გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ წარმატებულ რეფორმებად შეაფასა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) ფარგლებში, გაეროს 71-მა წევრმა ქვეყანამ საქართველოს მიერ მიღწული პროგრესი შეაფასა. წარმატებულ რეფორმათა შორის მოხვდა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით განხორციელებული რეფორმები: საკანონმდებლო ცვლილებები სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად; ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შექმნა; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა და არასრულწოვანთა კოდექსის შემუშავება; სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ; საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. უწყების ცნობით, დელეგაციებმა განსაკუთრებით დადებითად შეფასეს საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება და პრემიერ-მინისტრთან ადამიანის უფლებათა საბჭოს დაარსება. პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მიერ წინა განხილვის შედეგად აღებული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა. აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების შესვლის აუცილებლობაზე. ანგარიშის განხილვის პროცესში გამოითქვა რეკომენდაციები იმ გამოწვევებზეც, რომელიც საქართველოს დღის წესრიგში კვლავ რჩება. კერძოდ – ქალთა უფლებების დაცვაზე, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ეფექტურ განხორციელებასა და ადამიანის უფლებათა სფეროში დარჩენილ კონვენციებთან მიერთებაზე. ცნობისთვის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ დაფუძნებული უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა არის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ახალი მექანიზმი, რომელიც მიზნად ისახავს გაეროს წევრ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას. აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა განიხილება ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ.
აღსანიშნავია, რომ 2 კვირის წინ საქართველო აირჩიეს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად 2016-2018 წლის ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები