არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო სასამართლოს მიკერძოებაში ადანაშაულებენ

არასამთავრობო ორგანიზაციების: „ახალგაზრდა ადვოკატების”, „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის”, „ახალგაზრდული ცენტრის” და „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” წარმომადგენლების განცხადებით, საკონსტიტუციო სასამრთლოს ცალკეულ გადაწყვეტილებებიდან რჩება შთაბეჭდილება,რომ მოსამართლეთა მხრიდან ადგილი აქვს მიკერძოების საკითხებს.
არასამთავრობოები განსაკუთრებით აკრიტიკებენ საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, შეჩერებულ იქნა ის ნორმა, რომელიც ეხებოდა კანონმდებლობაში დაუყოვნებლივი აღსრულების მექანიზმის გამოყენებას.
როგორც “ რეპორტიორის“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, დღევანდელი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობა ორგანულად დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან.
„ამ ნორმის შეჩერება როგორც სამართლებრივი, ასევე ეკონომიკური კუთხით, საკმაოდ ნეგატიურ გავლენებს იქონიებს იმ სამართლებრივ ურთიერთობებში, რომელიც ამჟამად არსებობს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაურკვეველი ვადით შეჩერდა აღსრულების პროცედურები. მოცემულ ეტაპზე ძალიან ბევრ მოქალაქეს მიადგება ზიანი. ეს კი არ ქმნის ხელსაყრელ პირობებს საინვესტიციო გარემოსთვის და ბიზნესისთვის. „რუსთავი 2″-ის საქმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ადგილი აქვს შერჩევითი მართლმსაჯულების გამოყენებას. უნდა ვიცოდეთ სიმართლე, რომ დღევანდელი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობა ორგანულად დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან”. საზოგადოებამ არ იცის, რომ ერთ-ერთი მათგანი ქალბატონი კოპალეიშვილი თანამშრომლობდა ნიკა გვარამიასთან და აგრეთვე, ბატონი ვარძელაშვილიც საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული გახლდათ გვარამიასთან. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ყველა საეჭვო კითხვა მოიხსნას”, – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა. აღნიშნული ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საკონტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება თავისი ლეგიტიმაციიდან გამომდინარე, აჩენს სერიოზულ კითხვის ნიშნებს იმ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რომ ცალკეული მოსამართლეები დაკავშირებულები არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან”. ორგანიზაციები მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნით, რომ რეალურად დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით მიიღოს ყველა ზომა, რათა საზოგადოებაში არ დარჩეს კითხვები; სერიოზულად მიუდგეს ორი მოსამართლის აცილების საკითხს და შეაჩეროს დაუყოვნებლივი აღსრულების მექანიზმი.
“საკონსტიტუციო სასამართლომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გიგი უგულავა ერთი დღით მაინც გამოსულიყო გარეთ და ცირკი მოეწყო, გამომდინარე მათი საქციელიდან, მე სხვა გამოთქმები აღარ მრჩება. ეს იყო დასაწყისი, შემდეგი გაგრძელება იყო, რაც ვიხილეთ ნოემბრის დასაწყისში, როდესაც გამოვიდა საკონსტიტუციო სასამართლო, სინათლის სისწრაფით შეკრიბა მოსამართლეები და უცებ მიიღეს გადაწყვეტილება“,-განაცხადა „ახალგაზრდული ცენტრის” ხელმძღვანელმა ზურაბ ქადაგიძემ “რეპორტიორის“ პრესკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები