ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სტუდენტებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოში მოქმედ სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს უმასპინძლა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100-მდე სტუდენტი კომიტეტის კანონშემოქმედებით და საზედამხედველო ფუნქციებს, მის მიმდინარე ამოცანებს და სამომავლო გეგმებს გაეცნო.
კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ კომიტეტის სამწლიანი მუშაობის ძირითად მიმართულებებზე და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებზე პრეზენტაცია წარმოადგინეს. ძირითადი მოხსენების შემდეგ სტუდენტებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ინტერაქტიულ შეხვედრაზე კითხვის დასმის მსურველ ყველა სტუდენტს მისთვის საინტერესო ინფორმაციის გაცნობის საშუალება მიეცა.
საკანონმდებლო ორგანოს ცნობით, შეკითხვების ძირითადი ნაწილი იძულებით გადაადგილებულ პირთა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უფლებების დაცვას, მარიხუანის დეკრიმინალიზაციას, ნარკომომხმარებლებისთვის დაწესებულ სანქციებს, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას და სისხლის სამართლის კანონმდებლობის საკითხებს შეეხებოდა. კომიტეტის თავმჯდომარემ სტუდენტებს საკანონმდებლო წინადადებების მომზადება და საკომიტეტო მოსმენებზე დასწრება შესთავაზა, რაც სტუდენტ-ახალგაზრდობას საკანონმდებლო პროცესში ჩართულობის მეტ საშუალებას მისცემს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები