„საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაზე მუშაობს“

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს და მოსამართლეებს მოუწოდებს, პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლდნენ. როგორც „პოზიციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გურამ ადამაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლომ ბოლო პერიოდში გამოტანილი უკანონო გადაწყვეტილებებით დაადასტურა, რომ ის დამოუკიდებელი და კანონმორჩილი არ არის და პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაზე მუშაობს.
„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მან „რუსთავი 2-ის“ მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ნორმა შეაჩერა, სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური დაკვეთა. სასამართლოსგადაწყვეტილების გამოსატანად სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა. საინტერესოა, სად ეჩქარებოდათ, ვინ აჩქარებდათ ასე და პრაქტიკაში თუ ჰქონიათ ერთი შემთხვევა მაინც, როცა ასეთი სისწრაფით მიიღეს გადაწყვეტილება. პირადად, არაერთი და არანაკლებ მნიშვნელოვანი საქმე მახსენდება, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანა ვერ აღირსა. რითი იყო ამჯერად მათი სულსწრაფობა და სისწრაფე გამოწვეული. აღნიშნულ კითხვაზე ვალდებულები არიან, პასუხები გასცენ“, – აცხადებს ადამაშვილი.
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ საკანონმდებლო ორგანის წარმომადგენლებისთვის არავის მოუსმენია. როგორც „პოზიციაში“ აცხადებენ, აღნიშნული კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ეს უწყება მხოლოდ პოლიტიკურ დაკვეთებზე რეაგირებს მყისიერად.
„საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა გადაწყვეტილება ფარულად ისე მიიღეს, რომ პარლამენტის არგუმენტებით არც კი დაინტერესებულან, არც მოპასუხე მხარის პოზიციები მოუსმენიან. აღნიშნული ქმედებით ე.წ. პაპუაშვილის უწყებამ ქვეყანა და ბიზნესსექტორიც სერიოზული რისკის ქვეშ დააყენა. ბუნებრივია, მას სერიოზული პასუხისმგებლობა ეკისრება. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა „ნაციონალური წარსული“ პირდაპირ აისახა მათ მიერ ბოლო პერიოდში გამოტანილ გადაწყვეტილებებზე. თუ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლო არ იქნება ქვეყნის კონსტიტუციური გარანტი და კანონმდებლობისა და სამართლიანობის პრინციპების მატარებელი, ვერც ევროკავშირზე ვიოცნებებთ და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მუდმივად „თითის ქნევის“ რეჟიმში ვიქნებით“, – აღნიშნა გურამ ადამაშვილმა. „პოზიციამ“ პარლამენტის შუამდგომლობაც შეაფასა, რომლითაც საკანონმდებლო ორგანომ პირველი კოლეგიის თავმჯდომარისა და მოსამართლის აცილება მოითხოვა. როგორც გურამ ადამაშვილი აცხადებს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში მყოფ მოსამართლეებს უფლება არ აქვთ, „ნაციონალებთან“ დაკავშირებული საქმეები განიხილონ:
„ლოგიკური და სამართლიანია პარლამენტის შუამდგომლობა, რომ მოსამართლეები – კონსტანტინე ვარძელაშვილი და მაია კოპალეიშვილი ჩამოშორდნენ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული საქმის განხილვას.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ კონკრეტული ფაქტები დავასახელე, საკონსტიტუციო სასამართლოს რომელი მოსამართლე რა ფორმით იყო „ნაციონალებთან“ დაკავშირებული. ბუნებრივია, მოსამართლე, რომელიც ე.წ. მხარეს წარმოადგენს, ვერ იქნება სამართლიანი და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვერ ჩაითვლება კანონიერ და ობიექტურ გადაწყვეტილებად. ქალბატონი კოპალეიშვილი გახლდათ ნიკა გვარამიას მოადგილე განათლების სამინისტროში, ბატონი ვარძელაშვილი კი წლების განმავლობაში იუტიციის მინისტრის მოადგილედა გვარამიასთან ერთად ერთი და იგივე პოლიტიკური გუნდის წევრი. კოტე ვარძელაშვილის მეუღლე ანა ჟვანია, იყო გვარამიას მოადგილე განათლების სამინისტროში. ის გიგა ბოკერიას ოჯახთან დაახლოებული პირია. კოტე ვარძელაშვილს კი კარგი ურთიერთობა აქვს ყოფილი მთავარი პროკურორს მოადგილე ანდრო გიგაურთან, მათი ეს კავშირები სოციალური ქსელის მეშვეობითაც კარგად ჩანს. გარდა გიგაურისა, მას კარგი ურთიერთობები აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან და მხარდამჭერებთან: გივი თარგამაძესთან, ოთარ კახიძესთან, ივანე პეტრიაშვილთან, ნინო კალანდაძესთან, ირაკლი უგულავასთან, თამარ ჩერგოლეიშვილთან, თამარ კინწურაშვილთან… რომ არა სხვა მიზეზები, აღნიშნული ფაქტები სრულიად საკმარისია ჩავთვალოთ, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება არაობიექტური და მიკერძოებული იქნება“, – განაცხადა გურამ ადამაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები