დავით უსუფაშვილი: რომ ვთვლიდე, არჩევნები გაყალბდა, მაშინ ამას თავად ვიტყოდი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი “პატრიოტთა ალიანსის” მიერ დაწყებულ შიმშილობის აქციას გამოეხმაურა. უსუფაშვილის განცხადებით, ეს საკითხი საარჩევნო კომისიებმა და სასამართლოებმა უნდა განიხილონ.
“თუკი წაგებული მხარე ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მას უნდა მოვუსმინოთ, უნდა შევხედოთ, რა არგუმენტებია. ეს საკითხი საარჩევნო კომისიებმა და სასამართლოებმა უნდა განიხილონ, მაგრამ ამასობაში, მე ახლა ვილაპარაკო, რომ არა არ გაყალბდა… რომ ვთვლიდე, რომ არჩევნები გაყალბდა, მაშინ ამას თავად ვიტყოდი. შეიძლება არ მეშიმშილა, მაგრამ პოზიცია სხვანაირად გამომეხატა. დამკვირვებლები იმიტომ არსებობენ, რომ ასეთ დროს, მათ თავისი აზრი თქვან და ჩვენც მათ უნდა დავუჯეროთ, ვიდრე მეტი ყურადღება გამარჯვებულ-დამარცხებული მხარეების კომენტარებს მივაქციოთ. ზოგადად, ვისურვებდი, რომ საქმე ასეთი პროტესტის ფორმებამდე არ მივიდეს, რადგან ეს მარტივი თემა არ არის. სამწუხაროდ, ქვეყანაში შიმშილობის ბევრი ტალღა და ამასთან დაკავშირებული ემოციები გვახსოვს. ვთხოვ კოლეგებს, მათგან ბევრს ძალიან ახლოს ვიცნობ, იქნებ სხვა გზებითაც მოხერხდეს იმავეს თქმა და არა შიმშილობით, რომლის გამოცდილებაც გვაქვს და აღარ მინდა, რომ ეს გამოცდილება გაგრძელდეს. იქნებ პრობლემები სხვანაირად მოვაგვაროთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის განცხადებით, საგარეჯოში შუალედური არჩევნები გაყალბდა. ირმა ინაშვილი ქართული ოცნების წარმომადგენელთან თამარ ხიდაშელთან დამარცხდა. პარტიის წევრები თინათინ ხიდაშელსა და გიგლა აგულაშვილს არჩევნებში ჩარევის გამო ადანაშაულებენ და მათ თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ. “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლები უკვე მეორე დღეა შიმშილობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები