ვარძელაშვილი: ჩემმა მეუღლემ გვარამიასთან 5 თვის განმავლობაში იმუშავა

“როცა იუსტიციის სამინისტროში ვმუშაობდი, სამინისტროს არც ადეიშვილი და არც გვარამია არ ხელმძღვანელობდა“
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ვარძელაშვილი აცხადებს, რომ მას ნიკა გვარამიასთან არ უმუშავია, რაც შეეხება მის მეუღლეს, მან გვარამიასთან 5 თვის განმავლობაში განათლების სამინისტროში იმუშავა, რის შემდეგაც სამინისტრო დატოვა.
მისივე თქმით, მან ასევე ნამდვილად იმუშავა წლების განმავლობაში ლევან ბერძენიშვილთან ერთად „ბანკი ქართუს“ პროექტებზე.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე აცხადებს, რომ როდესაც ის მუშაობდა საკონსტიტუციო სასამართლოში, იმ პერიოდში სამინისტროს არც ზურაბ ადეიშვილი და არც ნიკა გვარამია არ ხელმძღვანელობდნენ.
“ჩემი მეუღლე დაახლოებით 5 თვე მუშაობდა ნიკა გვარამიასთან ერთად. ამის შემდეგ მან საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა სამსახური. რამდენად არის ეს საფუძველი იმისა, რომ შეტანილი იქნეს ეჭვი, ამ საკითხს შეისწავლის კოლეგია და მიიღებს გადაწყვეტილება. ბატონ ლევანთან ჩემი მეუღლე არ მუშაობდა. მე მქონდა გარკვეული შეხება მასთან. მე არ ვიყავი მისი მოადგილე, რამდენადაც მახსოვს. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო პერიოდში მუშაობა. ძალიან საინტერესო იყო მასთან მუშაობა და ასევე იმ პროექტებზეც, რომლებსაც „ბანკი ქართუ“ ახორციელებდა. ბატონი ლევანი ფონდის დირექტორი იყო. მე იუსტიციის სამინისტროში 2004-2006 წლებში ვმუშაობდი, მაგ დროს სამინისტროს ხელმძღვანელი არც ნიკა გვარამია და არც ზურაბ ადეიშვილი არ იყო. მიუხედავად ამისა, რადგან კითხვები არსებობს, ცხადია, სასამართლო ვალდებულია, რომ შეისწავლოს მას შემდეგ, რაც ეს განცხადება შემოვა სასამართლოში,” – განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ კონსტანტინე ვარძელაშვილმა.
“რუსთავი 2-ის” სარჩელებთან დაკავშირებით, პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების აცილების შუამდგომლობით მიმართა.
როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს პარლამენტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად შუამდგომლობით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას მოსარჩელე „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ მიერ შეტანილი სარჩელების თაობაზე მიმდინარე დავის ფარგლებში ამ კოლეგიის თავმჯდომარის კონსტანტინე ვარძელაშვილისა და ამავე კოლეგიის წევრის მაია კოპალეიშვილის აცილებასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები