მოგერინი: ვიზალიბერალიზაციის მხრივ საქართველომ მრავალი მნიშვნელოვანი ვალდებულება შეასრულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ფედერიკა მოგერინის შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ფედერიკა მოგერინის საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისგან იმ რჩევებს მოელის, რომელიც საქართველოს ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოებს. დავით უსუფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყოველთვის, როცა საქმე საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება, საქართველოს პარლამენტი ერთ გუნდად მუშაობს.

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, ის მოხარულია, რომ საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობა ქართულ პოლიტიკურ პარტიებს აერთიანებს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ურთიერთობის მნიშვნელობას არსებული პრობლემატური საკითხები ვერ გადაფარავს.

შეხვედრაზე ისაუბრეს ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობაზეც. ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ამ მხრივ, საქართველომ მრავალი მნიშვნელოვანი ვალდებულება უკვე შეასრულა და მუშაობა ასეთივე წარმატებით უნდა გააგრძელოს, რათა წლის ბოლოს ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით დადებითი რეკომენდაცია მიიღოს. როგორც საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, ის ოპტიმისტურადაა განწყობილი.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი და ამ მიმართულებით, საქართველოს პარლამენტი ზაფხულის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა.

მხარეებმა განიხილეს რეგიონალურ საკითხები და უსაფრთხოების მხრივ არსებული გამოწვევებიც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისიას სრულად ფუნქციონირების საშუალება არ ეძლევა, ის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს.

თავის მხრივ, ფედერიკა მოგერინიმ ქართველ დეპუტატებს ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე ოპერაციებსა და მისიებში საქართველოს მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები