პრეზიდენტი: უფრო სტაბილური და ძლიერია პოლიტიკური მმართველობის სისტემები, სადაც მეტი ქალია წარმოდგენილი
ჩვენ უნდა გვქონდეს აბსოლუტურად სტაბილური სისტემა იმისთვის, რომ სახელმწიფოში უზრუნველვყოთ გენდერული თანასწორობა – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
პრეზიდენტის აზრით, პოლიტიკაში მეტი ქალის ჩართვით უფრო ჯანმრთელი სახელმწიფოებრივი სისტემა შეიქმნება. “ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგი არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ ინდივიდუალური დანიშვნებით და თუნდაც ამა თუ იმ პოლიტიკური ფიგურის, მათ შორის პრეზიდენტის გადაწყვეტილებებით. ჩვენ უნდა გვქონდეს აბსოლუტურად სტაბილური სისტემა იმისთვის, რომ სახელმწიფოში უზრუნველყოთ გენდერული თანასწორობა. ამ თვალსაზრისით, ვიცით, რომ პარლამენტში შეტანილია საპარლამენტო სიებში გენდერული ბალანსის შესახებ კანონპროექტი. აქაც ჩვენ უნდა გამოვძებნოთ ძალიან ნათელი, პრინციპული პასუხები. არცერთი და არავინ არასდროს არ აფიქსირებს წინააღმდეგობას გენდერულ თანასწორობასთან. თქვენ ვერ იპოვით პოლიტიკოსს, რომელიც იტყვის, რომ გენდერული თანასწორობა მიუღებელია, მაგრამ ყველა პოლიტიკოსმა ძალიან ნათლად, ინდივიდუალურად, საკუთარი სინდისის და თავისი ოჯახის წევრების წინაშე უნდა გასცეს პასუხი, უჭერს თუ არ უჭერს მხარს რეალურად პოლიტიკურ სისტემებში ამ პრინციპის გატარებას. ეს უნდა იყოს ინდივიდუალური და არა ზოგადი მიმოხილვითი პასუხები, რომ “იდეაში ქართველ ქალს პატივს სცემს და იდეაში ქართველი ქალი უნდა იყოს პარლამენტში” – არა. ამ თვალსაზრისით ყველას გვმართებს აქტიური პოლიტიკა, რომ ყველა პოლიტიკოსმა ნათლად დააფიქსიროს “კი” ან “არა” იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია ქალბატონების მოსვლა პოლიტიკაში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისი თქმით, სტატისტიკა აჩვენებს, რომ პოლიტიკური მმართველობის სისტემები, სადაც მეტი ქალია წარმოდგენილი, უფრო სტაბილური და ძლიერია. “ქალების გააქტიურებით შეიქმნება უფრო ჯანმრთელი სახელმწიფოებრივი სისტემა. სტატისტიკაც და რეალობაც აჩვენებს, რომ პოლიტიკური მმართველობის სისტემები, სადაც მეტი ქალია წარმოდგენილი, უფრო სტაბილური და უფრო ძლიერია. იმედს გამოვთქვამ, რომ არასდროს გვექნება ისეთი მძიმე ამბები გასახსენებელი, რაც გვქონდა შარშან და რაც, სამწუხაროდ, გვაქვს დღეს”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.