"საუბედუროდ, გიორგი ბადაშვილს არ ვიცნობ“

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ საუბედუროდ მთავარ პროკურორს არ იცნობს. თუმცა, მას გიორგი ბადაშვილზე ზოგადი ინფორმაცია მედიიდან აქვს – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის” გადაცემაში “პოლიტიკის დროში” ისაუბრა. მისი თქმით, ის რომ ქვეყანაში მესამე მთავარი პროკურორი დაინიშნა, პროკურატურის საქმიანობაზე ეფექტურად არ აისახება.
“საუბედუროდ, გიორგი ბადაშვილს არ ვიცნობ. მაქვს ზოგადი ინფორმაცია, ძირითადად მედიიდან. ის, რომ მესამე პროკურორი გვყავს, ეს ხელისუფლების ხელწერაზე მეტყველებს. ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე პასუხისგებაში მიეცა, აჩვენებს, რომ შიდა და გარე სამზარეულო არ არსებობს და ხელწერა, რაც მე მქონდა, დღესაც გრძელდება. ჩვენ უკვე ორი ყოფილი მთავარი პროკურორი გვყავს. არჩილ კბილაშვილი თავისუფალია და სამოქალაქო საქმიანობით არის დაკავებული. არავინ მას ხელს არ უგრიხავს, ნებისმიერ თემაზე შეუძლია ისაუბროს, თუ რა ხდებოდა მის დროს – ხდებოდა თუ არა ის, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” ხატავს, რომ ლამის მე ვიჭერდი ყველას… ოთარ ფარცხალაძეს ვიცნობდი – ძალიან კაცური და ვაჟაცურია. ის მოიქცა აბსოლუტურად ადეკვატურად. არ ვიცი, როგორც მოხდა დანიშვნა, რომ გამოეპარათ… ქართული ხასიათია. ქართველები ელექტრონიკას ვყიდულობთ და პირდაპირ დენში ვაერთებთ – არც ერთი არ ვკითხულობთ ინსტრუქციას. ზუსტად ასე მოხდა ჩემი აზრით, ქართული ხასიათიდან გამომდინარე – არც მან მიაქცია ყურადღება, არც გუნდმა, რადგან ნამუშევარი ჰქონდა სხვა, მაღალ თანამდებობებზე”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ექსპრემიერმა აქვე აღნიშნა, რომ როცა წელიწადნახევრის განმავლობაში მესამე მთავარი პროკურორი ინიშნება, ეს პროკურატურის საქმიანობაზე ეფექტურად არ აისახება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები