მანანა კობახიძე: „რუსთავი 2“-ის საქმეს არ უნდა გადავაყოლოთ ქვეყნის ინტერესი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და დღეს „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს შორის მსგავსებას ვერ ხედავს.
როგორც კობახიძემ „იმედის“ გადაცემა „ქრონიკის სტუდიაში“ სტუმრობისას განაცხადა, სასამართლომ უნდა თქვას, იყო თუ არა წილები უკანონოდ წართმეული.
„ვერ ვიტყვი იმას, რომ დღევანდელი მოვლენებსა და 7 ნოემბერს შორს ჩვენ პარალელი უნდა გავავლოთ. ადამიანები სამართლებრივი გზით, სარჩელის შეტანით, სასამართლოს გზით ცდილობენ დაიბრუნონ ქონება, რომელსაც მიიჩნევენ, რომ წართმეული იყო. მე დადასტურებულად ვერ ვიტყვი, რა იყო, რადგან ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი. საბოლოოდ, სასამართლომ უნდა თქვას, იყო თუ არა წილები უკანონოდ დათმობილი და ამისთვის, სამი ინსტანციის სასამართლო არსებობს“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, „რუსთავი 2“-ის ინტერესებს ქვეყნის ინტერესები არ უნდა გადავაყოლოთ.
„სამწუხაროდ, ეს დავა სასამართლო დარბაზიდან გავიდა გარეთ და ამაში ხელისუფლების ბრალეულობას ვერ ვხედავ, ეს არის „რუსთავი 2“-დან მომდინარე. ვინაიდან პირველივე დღეს, როდესაც მოსარჩელე მხარემ – ქიბარ ხალვაშმა მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით, ამას პოლიტიკური სარჩული სწორედ „რუსთავი 2“-მა დაუდო და მათ აწყობთ, რომ ამ საქმეს ჰქონდეს ასეთი სარჩული. მე ნამდვილად ვერ ავყვები იმ ისტერიკას, რასაც ისინი მართავენ. შესაძლოა, მათ ეს რისკები არც აქვთ გათვლილი, „რუსთავი 2“-ის საქმეს ჩვენ არ უნდა გადავაყოლოთ ქვეყნის ინტერესი, ტოლობის ნიშანი არ უნდა დავსვათ „რუსთავი 2“-სა და საქართველოს შორის“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.