ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტების უცხოეთში გადამზადების დაფინანსებას არ გამორიცხავს

ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ ჟურნალისტებს, რომლებიც ბიზსესსა და ეკონომიკაზე წერენ, არასაკმარისი ეკონომიკური განათლება აქვთ მიღებული, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პოლიტიკის დროში“ განაცხადა. მისი თქმით, ორგანიზაცია “მოქალაქე” მედიაგარემოს გაუმჯობესებისა და, ზოგადად, მედიის ხელშეწყობის მიზნით, მედიაორგანიზაციებს ჟურნალისტებისთვის კვალიფიციური ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისა და ორგანიზაციების მონაწილეობით ტრენინგების ჩატარებას სთავაზობს. „მე ვფიქრობ, რომ ეკონომიკური და ბიზნესის კუთხით მომუშავე ჟურნალისატებს, ეკონომიკირი განათლება აკლიათ. მე არ ვთვლი, რომ მედია და ჟურნალისტიკა ჩვენ საზოგადოებაზე უარესია. შესატყვისობაში ასეც უნდა იყოს. ჩვენ ერთი საზოგადოების ნაწილი ვართ ყველა. საერთოდ საზოგადოებას ბევრი მიმართულებით განათლება აკლია და ამ განათლებას საჭიროებს მედიაც. მედიაზე დიდ ყურადღებას იმიტომ ვამახვილებ, რომ მას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ლომის წილს ასრულებს, იმ პროცესებში, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით – გვსურს, ჩვენი საზოგადოება ტიპიურად ევროპელი გახდეს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, ჟურნალისტების გადამზადება უცხოელი კვალიფიციური კადრების ხელშეწყობით მოხდება. „ ჟურნალისტების რაოდენობით არ შევიზღუდები. რა რაოდენობის ჟურნალისტებიც არ უნდა იყვნენ, ორგანიზაცია „მოქალაქე“ მათ დააფინანსებს. გარწმუნებთ, რომ ჟურნალისტების გადამზადება კვალიფიციური კადრებით მოხდება. სპეციალისტებს უცხოეთიდან მოვიწვევთ, ან თუ საჭირო გახდება, მათ სტაჟირებისთვის საზღვარგარეთ გაუშვებთ კიდეც. ამ საკითხს იმისდა მიხედვით, გადავწყვეტთ, თუ რამდენი ჟურნალისტი მოითხოვს გადამზადებას“, – აღნიშნა ყოფილმა პრემიერმინისტრმა. მისივე თქმით, ორგანიზაციაში, სადაც ჟურნალისტების ტრენინგის ჩატარება გადაწყდა, აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა. „ ჯგუფში ორ უკიდურესობას გადავაწყდით. ერთი ნაწილი ამბობს, რომ შეიძლება ბევრმა ჟურნალისტმა გამოთქვას სურვილი, ხოლო მეორე ნაწილი თვლის, რომ შეიძლება ბევრმა მათგანმა უარი განაცხადოს. მე ვფიქრობ, რომ პირველ ეტაპზე საშუალო რაოდენობის ჟურნალისტები მოვლენ და იმედი მაქვს, რომ შემდგომ ეტაპზე მათი რაოდენობა გაიზრდება,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები