საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ თბილისის სკოლებში უსაფრთხოებისთვის ახალი პროექტი წამოიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ქალაქ თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარ სამმართველოში პროექტი ,,საგანგებო სიტაციების მართვის სააგენტო უსაფრთხო სკოლისთვის’’ დაიწყო.
პირველი ტრენინგი თბილისის 36 სხვადასხვა სკოლის მანდატურსა და კლასიკური გიმნაზიის სამ პედაგოგს ჩაუტარდა. სამდღიანი გადამზადების შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა მათ სერტიფიკატები გადასცა.
პროექტის ფარგლებში, ორი თვის განმავლობაში მთავარ სამმართველოში 800-მდე მანდატურსა და პედაგოგს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ თეორიულ სწავლებას ჩაუტარებენ.
სწავლება თითოეული ჯგუფისთვის სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც გადამზადებულ პედაგოგებსა და მანდატურებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცემათ.
სწავლების მიზანია, მსმენელები დაეუფლონ სამოქალაქო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის თეორიულ საკითხებს. ისინი ეტაპობრივად ჩაერთვებიან სხვადასხვა სკოლებში დაგეგმილ სიმულაციურ სწავლებებში, რის შედეგადაც შეიძენენ საგანგებო სიტუაციებში საჭირო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც მოსწავლეების უსაფრთხოებას ისახავს მიზნად.
თბილისის შემდეგ მანდატურებისა და პედაგოგების თეორიული და პრაქტიკული გადამზადება საქართველოს ყველა რეგიონში იგეგმება.
სწავლების მიზანია, მსმენელები საფუძვლიანად დაეუფლონ სამოქალაქო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის, მოქმედებისა და ქცევის საფუძვლებს, ასევე, შეისწავლონ სხვადასხვა სახის საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედების წესები. სწავლების დასასრულს ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.