7 ნოემბრის ცნობილი მოვლენებიდან 8 წელი გავიდა
7 ნოემბრის ცნობილი მოვლენებიდან დღეს 8 წელი გავიდა. 2007 წლის 7 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ საპროტესტო აქციები ძალის გამოყენებით დაშალა. აქციის დაშლას მომიტინგეების დარბევა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა მოჰყვა.
3 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქცია პოლიციის მიერ აქციის მონაწილეთა დაშლით ცრემლსადენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფების, წყლის ჭავლის გამოყენებითა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით დასრულდა.
აქციის მონაწილეებს, რომლებიც რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ცდილობდენ, პოლიციის თანამშრომლები რეზინის ხელკეტებით გაუსწორდნენ. მიტინგზე იმ დროისათვის 30 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების რაზმები და სპეცტექნიკა შეიყვანეს. „გაერთიანებული ოპოზიციის” რამდენიმე ლიდერი სასტიკად სცემეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან შეტაკებისას დაშავებული სხვა ათეულობით ადამიანი შემთხვევის ადგილიდან მიტინგის მონაწილეებს გამოჰყავდათ.
აღსანიშნავია, რომ რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმელებმა მომიტინგეების დასაშლელად, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გარდა, მხუთავი ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. მხუთავი და ცრემლსადენი გაზი რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე გაუშვეს, რის გამოც, მომიტინგეების გარდა, ჟურნალისტები და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრები მოქალაქეებიც მოიწამლნენ.
დაშავებულები სასწრაფო – სამედიცინო დახმარების მანქანებს ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაჰყავდათ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დაპირისპირებულ მხარეებს თავშეკავებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა, რათა პროცესებს უმართავი ხასიათი არ მიეღო.
განვითარებულ მოვლენებს ტელეკომპანია „იმედი” პირდაპირ ეთერში გადასცემდა, რასაც მოგვიანებით „იმედის” დარბევა მოჰყვა. საღამოს საათებში სპეცრაზმელები ტელეკომპანია „იმედში” შეიჭრნენ. მაუწყებლობა შეწყვიტა რადიო „იმედმაც”. „იმედთან” შეკრებილები სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების რეზინის ხელკეტებით, რეზინის ტყვიებით და ცრემლსადენი გაზით დაშალა. დაშავებულთა შორის, სხვებთან ერთად, „იმედის” ჟურნალისტებიც აღმოჩნდნენ.
კრიზისის საპასუხოდ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დანიშნა, რომელიც 2008 წლის იანვარში ჩატარდა.