N 12 პენიტენციურ დაწესებულებაში ანსამბლმა „რუსთავმა“ კონცერტი გამართა
N 12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „რუსთავმა“, მისმა ხელმძღვანელმა ანზორ ერქომაიშვილმა და ქორეოგრაფმა ფრიდონ სულაბერიძემ კონცერტი გამართეს.
ანსამბლმა „რუსთავმა“ მსჯავრდებულებისთვის ქართული ცეკვები და ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა. ანსამბლის მომღერლებთან ერთად, რამდენიმე მსჯავრდებულმა პენიტენციური დაწესებულების ეზოში არსებულ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში საგალობელი შეასრულა.
ღონისძიებას სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე ბესიკ დევდარიანი და პენიტენციური დეპარტამენტის უფროსი ზვიად მიხანაშვილი ესწრებოდნენ.
პენიტენციური დეპარტამენტის უფროსმა ზვიად მიხანაშვილმა ანსამბლ „რუსთავს“ ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.
,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე. მსგავსი ტიპის ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ ჩვენ ყოველდღე ვზრუნავთ, მჯავრდებულებს/ბრალდებულებს შევუმსუბუქოთ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ყოფნა“, -განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.
ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელმა ანზორ ერქომაიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, მომავალშიც მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.
,,დღევანდელი კონცერტი ძალიან მნიშვნელოვანია. ღონისძიებაში მონაწილეობას სიამოვნებით დავთანხმდით, რადგან მსგავსი ღონისძიებები ძალიან ეხმარება ადამიანის სულიერ მდგომარეობას”, -განაცხადა ანზორ ერქომაიშვილმა.
ფრიდონ სულაბერიძის განცხადებით, მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით მსგავსი ტიპის ღონისძიებები მნიშვნელოვანია.
„ჩვენთვის აქ ყოფნა მნიშვნელოვანია. სურვილი გვაქვს რომ სხვა დაწესებულებებშიც ვაჩვენოთ ჩვენი ხელოვნება“, -ფრიდონ სულაბერიძე. ღონისძიების ბოლოს მსჯავრდებულებმა ფრიდონ სულაბერიძესა და ანზორ ერქომაიშვილს საჩუქრად ხატი გადასცეს.