ავთანდილ ბერიძე იმპიჩმენტის მოლოდინში – რას გადაწყვეტს 21 დეპუტატი?
აჭარის უმაღლესი საბჭოს 20 მარტის სესიაზე საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის იმპიჩმენტის საკითხი დაისმება. ინიციატივა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბიუროს სხდომაზე დააყენეს და პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანეს.აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ალეკო ჩიტიშვილი “კვირასთან“ საუბრისას “ნაციონალური მოძრაობის“ არგუმენტებს, რომელთა საფუძველზეც ისინი ბერიძის იმპიჩმენტს ითხოვენ, უსუსურსა და სასაცილოს უწოდებს. ჩიტიშვილი დარწმუნებულია, რომ საკითხი “ჩავარდება“, რადგან ბერიძის იმპიჩმენტს საბჭოს უმრავლესობის არც ერთი წევრი არ დაუჭერს მხარს. ავთანდილ ბერიძის გადასაყენებლად საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ანუ 11 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. საბჭოში კი უმცირესობის რვა წევრია. “რადგან ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა, კოლეგებმა მისი სესიაზე გატანა გადაწყვიტეს. “ნაციონალებს“ არგუმენტებად მოჰყავთ ავთანდილ ბერიძის შესახებ მედიაში გავრცელებული იფნორმაციები და აცხადებენ, რომ ამით უმაღლესი საბჭოს იმიჯი ილახება. ერთ-ერთ მოტივად ასევე ასახელებენ ტელეკომპანია “აჭარის“ ბორდის დაკომპლექტების საკითხს და უკანონოს უწოდებენ იმას, რომ ბორდის ხუთივე კანდიდატი “კოალიციამ“ წარადგინა. საკითხი სასამართლოშია წარდგენილი და, დარწმუნებული ვარ, მასში უკანონო არაფერი აღმოჩნდება. ავთანდილ ბერიძის გადასაყენებლად საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ანუ 11 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. საბჭოში უმცირესობის რვა წევრია, ასე, რომ უმრავლესობის წევრები მათ ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ და საკითხი ჩავარდება“, – განუცხადა “კვირას“ ალეკო ჩიტიშვილმა.