გოგი თოფაძე პარლამენტს ტოვებს
საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარე გოგი თოფაძე სადეპუტატო მანდატის დატოვებასა და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას გეგმავს. ამის შესახებ თოფაძის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც “კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
“კოალიცია “ქართული ოცნება” ერთი ნიშნით ჩამოყალიბდა: თავიდანვე არავისთვის ყოფილა საიდუმლო, რომ მასში შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ერთნაირი ხედვა არ გააჩნდათ, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებდა მთავარი – კოალიციის შემქმნელის ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის დიდი იმედი, რწმენა, რომ სნორედ მისი თავკაცობით და მასთან ერთად მოვახერხებდით იმჟამინდელი ხელისუფლების მოცილებას პოლიტიკური ასპარეზიდან, რაც ქვეყნის გადარჩენის ტოლფასად მიგვაჩნდა და მიგვაჩნია კიდეც. ჩვენ გვაერთიანებდა უპირობო მზადყოფნა, ქვეყანაში არსებული, უკვე სრულიად აუტანელი არაადამიანური, შეიძლება ითქვას საკუთარი მოსახლეობისადმი მტრობით გაჟღენთილი ვითარება ერთხელ და სამუდამოდ შეგვეცვალა და მე, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, კვლავაც ამ მზადყოფნის ერთგული ვრჩები.
არც დავმალავ, რომ აზრთა გარკვეული სხვადასხვაობა ჩემსა და ჩემს კოლეგებს შორის კოალიციაში, შეიძლება დღესაც არსებობდეს, მაგრამ ეს სხვადასხვაობა არასოდეს შეხებია ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ამოცანას თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოების ევროპულ ოჯახში გაწევრიანების თაობაზე.
პოლიტიკაში ყოფნა თუ პარლამენტის წევრობა, ჩემთვის არასდროს ყოფილა თვითმიზანი და მხოლოდ იმიტომ ვარჩიე ეს ასპარეზი, წარსულში ნათლად რომ ვხედავდი ქვეყნის განვითარების არასწორ, არამართებულ გეზს. არაერთხელ საჯაროდ განმიცხადებია, რა უიმედო პერსპექტივას უქმნიდა ქვეყანას წინა ხელისუფლებების მანკიერი, მავნებლური სტრატეგია და, სამწუხაროდ, ბევრი ჩემი და ჩვენი პარტიის (თანამოაზრეების) პროგნოზი არაერთხელ გამართლდა კიდეც. დღეს ბევრად უფრო იმედიანად ვუყურებ მომავალს და ჩემს უპირველეს მოვალეობად გულწრფელად მიმაჩნია, ნებით თუ უნებლიეთ, არანაირი დისონანსი არ შევიტანო კოალიციის ერთობაში.
დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ხელისუფლება უთუოდ უკეთესობისაკენ წაიყვანს ქვეყანას და მეც, სადაც არ უნდა ვიმყოფებოდე, მხოლოდ მხარში დავუდგები და შეძლებისდაგვარად შევეხიდები ამ უაღრესად საშურ საქმეში.
ვფიქრობ, ამ ეტაპზე სადეპუტატო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდეც დავტოვო პარლამენტი, რათა ჩემი აზრი ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, დაბრკოლება არ აღმოჩნდეს კოალიციის, მათ შორის, ჩვენი პარტიის მიზანმიმართულ ქმედებისთვის, ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დაამყაროს ნორმალური, მშვიდი ვითარება. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ მივიღებ, როცა დასრულდება ჩვენი ფრაქციის მრავალწლიანი მუშაობა საქართველოს მოსახლეობისთვის უაღრესად მნიშვნელოვან კანონპროექტზე.
ეს კანონპროექტი გულისხმობს ჩვენი ბუნებრივი ბიომრავალფეროვნების დაცვას, რამაც საბოლოოდ უნდა დაუსვას წერტილი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ინტროდუქციას”, – აცხადებს თოფაძე.