დავით ბერძენიშვილი: “ღამის გადაწყვეტილებებზე” მე და აშშ-ს ელჩს მცდარი ინფორმაცია გვქონდა

ფრაქცია “ქართული ოცნება – რესპუბლიკელების” თავმჯდომარემ დავით ბერძენიშვილმა საქალაქო სასამართლოს მიერ ღამით გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული შეფასება განმარტა და აღნიშნა, რომ განცხადების გაკეთებამდე მცდარი ინფორმაცია ჰქონდა.
როგორც “კვირას” ბერძენიშვილმა განუცხადა, საქართველოში ამერიკის ელჩმა იან კელიმაც ანალოგიური განცხადება გააკეთა, რადგან ინფორმირებული არც ის ყოფილა.
ბერძენიშვილის თქმითვე, არსებითად მნიშვნელოვანი არ არის გადაწყვეტილება ღამით იყო მიღებული თუ საღამოს.
“არამარტო მე მქონდა მცდარი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, აშშ-ს ელჩსაც ანალოგიური ინფორმაცია ჰქონდა. ამერიკის ელჩიც ამბობდა, რომ ღამით იყო გადაწყვეტილება მიღებული. ასე ვიყავი ინფორმირებული, როდესაც მე ეს კომენტარი გავაკეთე, თუმცა არ ყოფილა ღამით მიღებული გადაწყვეტილება, რადგან მოგვიანებით ადვოკატმა სალიამ ამის შესახებ ისაუბრა.
ასე, რომ არსებითად საქმე ღამეში არ არის. მნიშვნელოვანი ის არის ამის გარდა რაც მე ვთქვი. გინდა საღამოს იყოს გინდა ღამით. ამერიკის ელჩი და მე სანამ ადვოკატმა განმარტა, სხვა ინფორმაციის მატარებლები ვიყავით. “რუსთავი 2″-იც ამბობდა, რომ გადაწყვეტილება ღამით იყო მიღებული.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გაცილებით გვიან ვიდრე მე მივეცი კომენტარი, თქვა რომ საღამოს შევიდა მის უწყებაში განაცხადი და დილით დარეგისტრირდა”, – განმარტა დავით ბერძენიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა, რომ “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით გადაწვეტილება გუშინ, გვიან ღამით იქნა გამოტანილი. აღნიშნული განცახდების გამო კი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა აშშ-ს ელჩისგან განმარტებების გაკეთება მოითხოვეს.
აშშ-ს ელჩის მსგავსად ანალოგიური განცხადება ფრაქცია “ქართული ოცნება – რესპუბლიკელების” თავმჯდომარემ დავით ბერძენიშვილმაც გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები