იტალიელები საქართველოში მყარი ნარჩენების გადამუშავებით დაინტერესდნენ

   მყარი ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობით საქართველოში იტალიური ბიზნესორგანიზაციაც დაინტერესდა. აღნიშნულ საკითხზე სამუშაო შეხვედრა დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ კომპანია „ENTSORGA“-ს წარმომადგენლები, მინისტრის მოადგილე გიორგი სოლომონია, ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავთანდილ სუდაძე, შპს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანის“ დირექტორი გიორგი შუხოშვილი და სხვები.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, იტალიურმა ბიზნესორგანიზაციამ ქართულ მხარეს მათი საქმიანობის სფერო და ინტერესები გააცნო, თავის მხრივ კი სამინისტროს წარმომადგენლებმა ქვეყნის განვითარების პოტენციალზე, მყარი ნარჩენების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და მოსახლეობის გადახდისუნარიანობაზე ისაუბრეს.
დეტალების გაცნობის შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული ბიზნესორგანიზაცია მყარი ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით კონკრეტულ წინადადებებს უახლოეს პერიოდში წარმოადგენს, ქართული მხარე კი მას განიხილავს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მყარი ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისა და საქართველოში ინვესტიციის განხორციელების სურვილი არაერთმა უცხოურმა ბიზნესორგანიზაციამ გამოთქვა. ქართული მხარე ამ საკითხზე წინადადებების მიღებას და სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს კვლავ განაგრძობს. მათ შორის გამარჯვებულს კი ტენდერი გამოავლენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები