თბილისში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიდან წელს, 562-მა პაციენტმა იმკურნალა – ჯანდაცვის სამინისტრომ 2 მილიონამდე ლარი დახარჯა
2015 წელს, ათი თვის განმავლობაში ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა 562 პირს თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
მათი მკურნალობა საქართველოს სახელმწიფო რეფერალური პროგრამით ხორციელდება და მკურნალობის ხარჯები მთლიანად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დაფარა.
როგორც „კვირას“ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა თამაზ ბესტაევმა განუცხადა, ამჟამად, თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 15 -მდე ეთნიკურად ოსი მოქალაქე სხვადასხვა პათოლოგიით მკურნალობს.
მისივე თქმით, მხოლოდ ოქტომბერში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლებმა 40 ეთნიკურად ოს მოქალაქეს სხვადასხვა სახის სამედიცინო მკურნალობა ჩაუტარეს.
ბესტაევის ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან თბილისში სამკურნალოდ ონკოლოგიური პათოლოგიის მქონე პაციენტები გადმოდიან.
ბესტაევის განმარტებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან პაციენტები თბილისში ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ დახმარებით გადმოდიან, უკვე თბილისში მათ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა ეხმარება, ხოლო მათ მკურნალობას სრულად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალური სამსახური ანაზღაურებს.
„წელს, 10 თვის განმავლობაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან თბილისის სხვადასხვა კლინიკაში 562 პაციენტია გადმოსული, რომლებსაც სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდათ. ზოგიერთს ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალური პროგრამის დახმარებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან თბილისში სამკურნალოდ ჩამოსული პაციენტებისთვის დაახლოებით 1 732 000 ლარი დაიხარჯა.
ამჟამად, ცხინვალიდან 15 პაციენტი თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. ძირითადად, ონკოლოგიური პათოლოგიის მქონე პირები გვაკითხავენ. მხოლოდ წელს ამ სახის პათოლოგიით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან 73 პაციენტი გადმოიყვანეს. სხვათა შორის, არის შემთხვევები, როდესაც ჩვენი ძალისხმევისა და ექიმების დიდი ყურადღების მიუხედავად, გარდაცვალების ფაქტებიც არის. წელს 5 მოქალაქე გარდაიცვალა. მათ გადასვენებას ცხინვალის ტერიტორიაზე „წითელი ჯვარი“ ახორციელებს“, – აღნიშნა თამაზ ბესტაევმა.
ამასთან, როგორც ბესტაევი აღნიშნავს, წელს, 10 თვის განმავლობაში ყოფილი სამხრეთ ოსეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან 57 ბავშვს, პათოლოგიიდან გამომდინარე, იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.
„კვირამ“ მასალის მომზადებისას ანალოგიური კითხვებით და სტატისტიკური მონაცემების მოთხოვნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციასაც მიმართა. თუმცა, აფხაზეთის მთავრობის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის ქეთევან ბაკარაძის ინფორმაციით, აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები დამუშავების პროცესშია.
ამასთანავე, ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა აფხაზეთიდან თბილისში სამკურნალო პირთა უსაფრთხოება გაითვალისწინა და კომენტარისგან თავი შეიკავა.