„პატრიოტთა ალიანსი“ საკონსტიტუციო სასამართლოში საგარეჯოს სპეცუბნების გაუქმების მოთხოვნით საჩივარს შეიტანს
„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საგარეჯოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში შუალედური არჩევნები შეაჯამა. ინაშვილის შეფასებით, ეს არჩევნები იყო იმ პრაქტიკის გამეორება, რასაც სააკაშვილის პერიოდში ხედავდა საზოგადოება. ირმა ინაშვილის განცხადებით, პარასკევს „პატრიოტთა ალიანსი“ საკონსტიტუციო სასამართლოში სპეცუბნების გაუქმების მოთხოვნით შესახებ საჩივარს შეიტანს.
„ეს არ იყო დემოკრატიული არჩევნები. არჩევნებში ხელისუფლებამ ყველა ის მეთოდოლოგია აამუშავა, რასაც სააკაშვილი იყენებდა. სამხედროებს მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ უნდა ჰქონოდათ. ამაზე პროტესტი თავად ჯარშიც ჰქონდათ. 546 ჯარიკაცი შეიყვანეს ბოლო დღეებში, მაშინ როდესაც სამხედრო ნაწილში მხოლოდ 25 ჯარისკაცი იყო. იქ შეყვანილ ჯარისკაცებს შორის იყვნენ ბორჯომელები, ბათუმელები, დუშელები და სასაცილოა, რომ მათ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აირჩიეს. ეს ჯარისკაცები თავადვე გაოგნებულები იყვნენ და არ უნდოდათ ამაში მონაწილეობა, მაგრამ ეს თავდაცვის მინისტრის პირადი ინიციატივა იყო. თავდაცვის მინისტრმა მუხროვანის სამხედრო ბაზა ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენა.
პარასკევს საკონსტიტუციო სასამართლოში სპეცუბნების გაუქმების შესახებ საჩივარს შევიტანთ. ქართულ ჯარს არ უნდა მიაყენო შეურაცხყოფა და ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის არ უნდა გამოიყენო. ნონსენსია, რომ ხმები ჯარისკაცების ხმების 100%-ით აიღო. ქალბატონ თამარ ხიდაშელს ეს არჩევნები არ მოუგია. ყველა ქართული სოფელი მოვიგეთ ჩვენ, მთელი საგარეჯო, ქალაქის თითქმის ყველა უბანი ჩვენ მოვიგეთ, უპირატესობა, რაც დაფიქსირებულია, ესაა სპეცუბნების და აზერბაიჯანული მოსახლეობის ხარჯზე“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ინაშვილმა აქცენტი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზეც გააკეთა. მისი განცხადებით, თამარ ხიდაშელის დასახმარებლად არჩევნებში მთელი სახელმწიფო მანქანა ჩაერთო.
„ არჩევნებში ჩაერთო მთელი მთავრობა, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, გიგლა აგულაშვილის მოადგილე ყოფილა თამარ ხიდაშელის მეუღლე, რომელიც უშუალოდ იყო ამ პროცესებში ჩართული. ჩართული იყო ინფრასტრუქტურის სამინისტროც… ეს არ არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება? საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ვითხოვთ, პროკურატურამ უნდა დაიწყოს შესწავლა იმისა, თუ ვინ გაუწია ორგანიზება არჩევნების გაყალბებას, რა უნდოდათ არჩევნების ღამეს იორმუღალოში გარემოს დაცვის და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს. მე ვიცი, რომ ამის ორგანიზატორი თინათინ ხიდაშელი იყო“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ირმა ინაშვილის განცხადებით, 8 ნოემბერს მისი პარტიის ორგანიზებით, თინათინ ხიდაშელისა და გიგლა აგულაშვილის გადაყენების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართება.